ოზურგეთის საოლქო კომისიაში საჩივრები განხილეს.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი ოლქმა განუხილველი დატოვა, დამკვირვებელი ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე კი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.
რა გახდა ბათილი ბიულეტინების გადათვლის აუცილებლობის მიზეზი და როგორ შეიძლება შეფასდეს კენჭისყრის დღეს არსებული საარჩევნო გარემო, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს_ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „გურია ნიუსი“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძეს ესაუბრა.
ტრაპაიძის თქმით, საარჩევნო უბნების შიგნით პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე კი ძალიან ბევრი საეჭვო მოქმედება შეინიშნებოდა, რასაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები თავად არ ავლენენ დარღვევებს, (რის უფლებამოსილებაც გააჩნიათ) , თუკი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არ აღმოაჩინეს და არ დაწერეს საჩივარი.
„გარემო საკმაოდ დაძაბული იყო. გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა ძალიან ბევრი საეჭვო მოქმედებები, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. შიგნით უბნებში მოსალოდნელი პროცედურული დარღვევები იყო, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რეაგირება მოახდინეს“,_ ამბობს ტრაპაიძე.
მისი განმარტებით, ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები ძირითადად სრულად, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
„კენჭისყრის დღეს უმეტეს შემთხვევაში მოხდა საიას დამკვირვებლების რეკომენდაციის გათვალისწინება, ერთ შემთხვევაში მოგვიწია საჩივრის დაწერა. რაც შეეხება ოლქში შემოსულ საარჩევნო ოქმებს, ძალიან ბევრ ადგილზე იყო დისბალანსი და თუ შევაჯამებთ დათვლილ ბიულეტენებს სხვადასხვა უბნებზე, თითო უბანზე საშუალოდ თითო ბიულეტენი მაინც აკლდა. ერთ უბანზე შეიძლება ბალანსი სწორი იყო, მაგრამ მეორე უბანზე შეიძლება 2-3-ით ნაკლები იყო. საკმაოდ ბევრი იყო ცდომილებები შემაჯამებელ ოქმებში. ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრები არ შეეხებოდა უბნებს, სადაც 1 და 2 ბიულეტინის დანაკლისი იყო, რადგან როგორც წინა წლებში გვპასუხობდნენ მსგავს შემთხვევებზე, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდო ეს ბიულეტენი და გაიტანა გარეთ. ბიულეტენის გარეთ გატანაც ეჭვს ბადებს“,_ ამბობს ტრაპაიძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ოზურგეთის 23-ე, 32-ე, 34-ე, 43-ე და 22-ე უბანზე ორგანიზაციის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა.
ნაწილობრივ დააკმაყოფილეს საჩივრები ოზურგეთის 38-ე უბანში, ასევე ლანჩხუთის მე-10 და მე-12 უბნებზე.
რაც შეეხება ოზურგეთის 22-ე უბანს, სადაც ბათილი ხმების გადათვლის აუცილებლობის საკითხი დადგა, ტრაპაიძე გვეუბნება, რომ უბანზე 69 ხმიანი დისბალანსი დაფიქსირდა.
„დისბალანსი იყო. 69 ხმით მეტი იყო და მართალია მდივანმა გააკეთა ახსნა-განმარტება, მაგრამ სამართლებრივად მდივნის ახსნა- განმარტება, რომელიც კეთდება მეორე დღეს და შესწორების ოქმი არ ახლავს, არ არის იმის საფუძველი, რომ დავეყრდნოთ მას და მხოლოდ ამ მოტივით მოხდეს მონაცემის შეყვანა და მონაცემი იყოს ნამდვილი. აქედან გამომდინარე, რადგან ყველაზე მეტად ეჭვი იყო ბათილ ბიულეტინებზე, მოვითხოვეთ მხოლოდ ბათილი ბიულეტინების გადათვლა. თუმცა ბათილი ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოჩნდა, რომ კონვერტი, რაშიც ბათილი ბიულეტინები ინახება და უნდა იყოს ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი, ხელმოწერები არ ჰქონდა. ესეც ერთ-ერთი დარღვევაა. ამავე დროს ოლქმა თავისი ინიციატივით გახსნა გაფუჭებული ბიულეტენები. 72 ხმა ეწერა და როგორც ჩანს ეს ბიულეტინები იყო ის, რომელმაც როგორც ჩანს შეცდომაში შეიყვანა უბნის კომისია“,_ გვითხრა ტრაპაიძემ.
ცნობისთვის, რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს ჩოხატაურში, ბუკნარის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ახსნა-განმარტების ჩასაბარებლად გაუშვეს, რადგან ოქმს, რომელიც საოლქო კომისიაში უბნიდან შემოვიდა, არ ჰქონდა დარტყმული ბეჭდები. თავმჯდომარის თქმით, მან ბეჭედი ყველა ასლს დაარტყა, თუმცა, საოლქო კომისიაში მისატან ოქმებზე ბეჭდის დარტყმა დაავიწყდა, რაც ისე განიცადა, რომ შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით კი საოლქო კომისიაში ოქმის იდენტური ასლები მიიტანეს, რომელზეც ბეჭდები დასმული იყო.
თამაზ ტრაპაიძე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ 2018 წელს ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, საუბნო კომისიებმა ძალიან ცუდად იმუშავეს.
„პროცედურული დარღვევები ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრენინგები უტარდებათ ამ ადამიანებს. 2018 წელთან შედარებით, შეიძლება, შევაფასოთ ძალიან ცუდ მაჩვენებლად საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობა. 2018 წელს, მე, მაგალითად, შევაქე საოლქო საარჩევნო კომისია, რომ პროცედურულად კარგად იყო ჩატარებული არჩევნები ოზურგეთის ოლქში, მაგრამ წელს ასე არაა“,_ გვითხრა ტრაპაიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საოლქო კომისიის წევრების მიერ არ ხდება საარჩევნო უბნებზე დისციპლინური დარღვევების გამოვლენა:_ ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიები თავისით არ ავლენენ ამ დარღვევებს. თუკი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არ აღმოაჩინეს და არ დაწერეს საჩივარი, ამ დამრღვევ პირებს დისციპლინურ პასუხისმგებლობებს არ აკისრებენ. ეს არის ძალიან ცუდი, ამას რომ საოლქო საარჩევნო კომისია თავისით აკეთებდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აღარ დასჭირდებათ ამდენი ძალისხმევა. ეს მათი პრეროგატივაა და მათ უფლებამოსილებაში შედის, მაგრამ რატომღაც თავს იკავებენ ასეთი ქმედებისგან.