ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდებოდა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში გაავრცელა.
მაშინ ქალაქ ლანჩხუთის სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების გზები ადგილზე განიხილეს ზემოთ ნახსენები უწყების მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მაშინდელმა დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. მათ ის ქუჩებიც დაათვალიერეს, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მოსახლეობას სასმელი წყალი, წლებია, არ მიეწოდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, გასული წლის მიწურულს დაიწყო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნდს მშენებლობა” შეუდგა, რომელთანაც 2018 წლის წყლის 16 ნოემბერს მილიონ 147 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორ კომპანიას სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში 2019 წლის 20 ივლისისთვის უნდა დაასრულებინა. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის რიტმიდან გამომდინარე, მოსახლეობა იმთავითვე ეჭვს გამოთქვამდა, რომ დათქმულ ვადებში წყალი არ წამოვიდოდა.
ეჭვები გამართლდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 2020 წლის დასაწყისშიც დაუმთავრებელია.
“ბარათაშვილის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აწარმოებს. კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოების გახორციელება აქ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და ვიცოდით, რომ ზაფხულისთვის წყალი გვექნებოდა ონკანებში, თუმცა, რატომღაც, სამუშაოები მიმდინარეობა აქ საკმაო ხნით იყო შეჩერებული და წყალი დღესაც არ მოგვეწოდება. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და დამატებითი სამუშაოების გახორციელება გახდა საჭირო. კონკრეტული ინფორმაცია, თუ საბოლოოდ როდისთვის დასრულდება სამუშაოები ჩვენთვის უცნობია”, _ ამბობს წყლის მოლოდინში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა.
იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მოხდა პროექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, “გურია ნიუსი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა.
“გაცნობებთ, რომ ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოების (მესამე ეტაპი) დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის თებერვალში. სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანამ განაპირობა, რაც ითვალისწინებდა სამუშაოების მოცულობის ზრდას. გარდა ამისა, კონტრაქტორმა კომპანიამ არასათანადო სამუშაო ტემპის გამო, ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადებში, რის გამოც დაეკისრა საჯარიმო სანქციები. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია”, _ განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.