ცნობილი მომღერალ-მგალობელი ანტონ დუმბაძე, ოზურგეთიდან, სოფელ შემოქმედის შეძლებული ოჯახისშვილი და სამედრო პირი გახლდათ.
ტანმორჩილი, მაგრამ ლამაზი გარეგნობის, კოხტა აღნაგობის კაცი იყო, რომელიც სულ გალობდა, როგორც იადონი. სახლში მუსიკალური ინსრტუმენტების – გიტარა, ჩონგურისა და დოლის გარდა, ორი გრამაფონი ჰქონია. დიდად მოწყურებული ყოფილა ანტონი, რომ ახალგაზრდებისთვის ესწავლებინა სიმღერა-გალობანი. მისი უპირველესი მიზანი გახლდათ ის, რომ არ დაკარგულიყო ქართველი ერის სიკეთე, ქართული ჰანგები, რისთვისაც მას თავი ესახელებოდა. სიმღერების დიდი მარაგი ჰქონდა და ახალგაზრდებს უსასყიდლოდ ასწავლიდა კიდეც.
ანტონ დუმბაძის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ იმ დროის ინტელიგენცია, სამხედრო პირები. ანტონი ცდილობდა სტუმრები ქართული სიმღერებით დაეტკბო. ერთ-ერთი ნადიმის დროს ჩაურთავთ გრამაფონი. ყველანი სმენად იყვნენ გადაქცეულნი. სიმღერის დასრულებისას ანტონს ბიჭებისთვის უთქვამს – „მალე თქვენ ხმებსაც ჩაიწერენო“.
ანტონის ვაჟი დავით დუმბაძეც შესანიშნავი მგალობელი ყოფილა. მის სმენასა და ხმას განცვიფრებაში მოუყვანია მათთან მისული მრავალი სტუმარი: ზოგი ბულბულს, ზოგიც იადონს ადარებდა. სიკვდილის წინ უმღერია და ჰანგებში დაუხუჭავს თვალი. დავითს 10 ქალი და 2 ვაჟიშვილი ჰყავდა. ყველა მათგანს ასწავლა სიმღერა-გალობა. ქალიშვილები ეკლესიაში გალობდნენ, გამოდიოდნენ სცენაზე და სხვა შესაკრებ ადგილებში. ათივე დას საკუთარი ჩონგური და გიტარა ჰქონდა. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ ფილიმონ ქორიძე, სამუელ ჩავლეშვილი, კუხიანიძე, დ. სიმვულიდი, იონა ტუსკია (დავითის მეუღლე მაკა ტუსკია გახლდათ იონა ტუსკიას მამიდა), ნიკოლოზ ბელაკნელი და ამ ოჯახის აღზრდილი ვ. სიმონიშვილი.
დავითის ქალიშვილი სონია დუმბაძე გამორჩეული იყო სილამაზითა და არაჩვეულებრივი ხმით. მას ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაუბარებია გამოცდები, ხოლო შემდეგ მიუვლენიათ იტალიაში, სადაც დაამთავრა კონსერვატორია. სონიას ისტორია აღწერილია წიგნში „ბუდემოშლილნი“(დავით დუმბაძის შვილიშვილის თამარ ღლონტის მოგონებანი).
დუმბაძეთა სხვა შთამომალთაც ჰქონიათ სიმღერის ნიჭი და განსწავლულნი ყოფილან კიდეც. შემდგომმა თაობებმაც არ დაკარგეს სიმღერის სიყვარული და გადასცემდნენ თავიანთ შვილებს ცოდნას.
წყარო: ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი
მასალა მოამზადა ეთნომუსიკოლოგმა მაია გელაშვილმა.
ფოტო – ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
სონია და დავით დუმბაძეები