რამდენიმე წუთის წინ ძლიერი წვიმა იყო ლანჩხუთში, სადაც ქალაქის არაერთი ქუჩა დაიტბორა. როგორც აღმოჩნდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამავალმა ღელემ და სანიაღვრე არხებმა მოჭარბებული რაოდენობის წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ქალაქის ქუჩები და ეზოები დაიტბორა. ქუჩებში მოძრაობა, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო. წყლით იყო სავსე პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც და მოსწავლეების გადაყვანაში მშობლებს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელები ეხმარებოდნენ. დაიტბორა ყოფილი უნივერმაღის შენობის სარდაფში განთავსებული სხვადასხვა ობიექტებიც.
„ღელე, რომელიც ქალაქის ცენტრში გადის გადაივსო და ავტომაგისტრალზე გადავიდა, ფეხით კი არა ავტომობილითაც საკმაოდ ჭირდა გავლა. ძალიან ცუდი მდგომარეობა შეიქმნა. წყალი ყველგან ისე მოედინებოდა, როგორც ღელეში. არც ერთმა სანიაღვრე არხმა არ გაატარა წყლის ჭარბი რაოდენობა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ვისაც უნივერმაღის ქვედა სართულზე ობიექტები გვაქვს გახსნილი, ყოველ გაწვიმებაზე ასეთ მდგომარეობაში ვართ“, _ ამბობენ ძლიერი წვიმისგან დაზარალებული ლანჩხუთელები.