დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ცნობილ ქართველ მსახიობებს გადავცემთ, რომლებიც მკითხველს საფეხბურთო მოგონებებს გააცნობენ.
თავდაპირველად სიტყვას ბატონ გუგული მგელაძეს დავუთმობ რომელიც თავის დროზე პოპულარული სურათი „ბურთი და მოედანის“ გადაღების პროცესში „დაფიქსირებულ“ რამდენიმე კურიოზულ შემთხვევას ხშირად იგონებდა.
“ბურთი და მოედანი” დიდი აღმაფრენით და სიცილ- ხარხარით გადავიღეთ. გადასაღებ მოედანზე, იპოლიტეს მუშაობის მნახველი ადამიანი შეუძლებელია გულგრილი დარჩენილიყო მისი გამორჩეული ნიჭიერების მიმართ.
საუკუნის მსახიობია იპოლიტე ხვიჩია და ბედნიერი რეჟისორი ვარ მასთან რომ მომიწია მუშაობამ. არადა, რომ იცოდეთ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში როგორი სევდიანი და ფიქრიანი იყო ხოლმე. ჭკვიანი კაცი იყო იპოლიტე, თავისი ფილოსოფია ჰქონდა და იმიტომაც იყო გამორჩეული. “ბურთი და მოედანი” მის გარეშე ასეთი სასაცილო ნამდვილად ვერ იქნებოდა.
30 წუთიანი ფილმი 28 დღეში გადავიღე, სცენარი კი ორ კვირაში დავწერეთ მე და სულიკო ჟღენტმა. დაუვიწყარი დღეები იყო…
ცნობილი კალათბურთელი ანზორ ლეჟავაც მაშინვე დაგვთანხმდა მონაწილეობაზე, სპეციალურად მოვიწვიე, საოცარი სანახავები იყვნენ ერთად ამოდენა ლეჟავა და ერთი ბეწო იპოლიტე.
არადა, იპოლიტე ყოველგვარი სინჯის გარეშე დავიბარე. მაშინ ქუთაისის თეატრში მუშაობდა, კინოში ორიოდე ეპიზოდში გაიელვა, მაგრამ ვიცოდი, მხოლოდ ის შეასრულებდა ამ როლს ისე, როგორც მე მინდოდა.
საერთოდ კი ბევრი ფიქრი და სურვილი ვერ განვახორციელე, სიამოვნებით გადავიღებდი ფილმებს სლავა მეტრეველზე, მურთაზ ხურცილავაზე, დათო ყიფიანზე… ბევრზე…
ფეხბურთის ისეთი ფანატები, როგორიც იპოლიტემ განასახიერა, მართლა მრავლად არსებობდნენ მაშინ.
იპოს ძალიან უყვარდა ფეხბურთი, თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” დიდი გულშემატკივარი იყო.
“ლოკომოტივის” სტადიონზე ბევრი სცენა გადავიღე. მაშინვე დაგვრთეს ნება, რადგან ფეხბურთზე გადაღებული ფილმებით არც მაშინ იყო განებივრებული მაყურებელი და არც დღეს.
მეამაყება ფეხბურთზე პირველი ფილმი მე რომ გადავიღე. გადაღებები დაემთხვა თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” შეხვედრას, ასე, რომ ყველა კადრი ნატურშია გადაღებული.
“არ მინდა ფინიშიო”, რომ გაიძახის იპოლიტე და ნიფხავით გარბის, სიცილით კვდებოდნენ ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები. არადა, ნიფხავი რომ აცვია თავად მოიტანა, ისეთი ტან-ფეხი ჰქონდა, ჩაიცვა თუ არა, ყველას სიცილი აგვიტყდა. მერე გავიგეთ, სარეცხის თოკიდან ჩამოუხსნია სიდედრის ნიფხავი და ის მოიტანა. ერთი კვირა ეძებდა თურმე იპოს საყვარელი სიდედრი დანაკარგს…
ხომ კომედიაა “ბურთი და მოედანი”, მაგრამ ერთი ეპიზოდის მაინც მეშინოდა, სადაც მთავარ გმირს სამი კაცი ასამართლებს. ვიფიქრე, ე.წ. “ტროიკად” არ აღიქვან და ვაი , მერე შენს გუგულის-მეთქი, მაგრამ გადავრჩი, მთავრობამ ბევრი იცინა…
“ბურთი და მოედანი” იტალიისა და ინგლისის კინოფესტივალებზეა დაჯილდოებული, ასევე მიიღო სპორტული ფილმების პირველ ფესტივალზე საუკეთესო კომედიური ფილმის პრიზი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენეს.
ვფიქრობ, რომ ამ ფილმმა დრო და ჟამს ნამდვილად გაუძლო“
ცნობილი ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია და ისე როგორ იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული „ამბავი“ გასახსენებელი არ ჰქონოდა.
„მართლა დღესასწაული იყო სტადიონზე წასვლა. რომ იცოდეთ, როგორ ვემზადებოდით ხოლმე. სტადიონზე მოხვედრა გმირობის ტოლფასი იყო, ღობეზეც ვხტებოდით, კანალიზაციის ჭაში ვიმალებოდით ფეხბურთის დაწყებამდე…
მილიციის “აბლავა” რომ მორჩებოდა და ყველა უბილეთოს გაყრიდნენ, მიყურადებული ვიყავით და ამოვძვრებოდით ხოლმე. ბილეთს თუ იშოვიდი, კაცი იყავი. მოზარდებს კი ვინ რას მოგვცემდა? მერე, რომ მოვიზარდეთ, გვეშველა, აბონემენტი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე გვქონდა აბონემენტი, თითქმის კარის უკან ვისხედით.
ერთხელ, თბილისის “დინამო” მინსკის “დინამოს” ეთამაშებოდა. უჰ, საშინელ დღეში ვართ, 2:1 – ს ვაგებთ, დაგვაწყდა ნერვები.
ალიოშა კოტრიკაძე მარჯვენა გარემარბი იყო. საოცარ რამეებს აკეთებდა მინდორზე, იმდენი ქნა, ბოლო წუთზე მაინც გაიტანა ბურთი.
ჰოდა, არ ვიცი რა დამემართა სიხარულით და არც ის მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მოედანზე. მაშინ შლიაპები იყო მოდაში, მე კი მთელი შემართებით და რასაკვირველია, შლიაპით დავრბივარ მინდორზე, ვეძებ ალიოშას, რომ გადავეხვიო. მაყურებელი ხედავს, ვიღაც შლიაპიანი გიჟი დარბის, მაგრამ იმათ ხომ არ იციან, რატომ დავრბივარ აღმა – დაღმა?
არადა, მამაჩემიც ესწრება თურმე თავისი მეგობრებით, მე კი ჩემი მეგობრებით გახლდით, რასაკვირველია. მაშინვე მიცნო, ყვირის, მეძახის… მესმის, რო?!
იმდენი ვირბინე, სანამ ალიოშა არ ვიპოვნე, იმდენ ფეხბურთელებში, იმოდენა მონდორზე.
მერე კი მილიცილებმა მტაცეს ხელი და მინდვრიდან გამაბრძანეს. უფროსი ყავდათ, გვარიც მახსოვს, გვერდწითელი და იმასთან მიმიყვანეს.
– ის არის, ალიოშას რომ აკოცაო.
– კაცო, აკოცა, ხომ არ გაურტყია, გაუშვით ბავშვიო… იმისთვის ბავშვი ვიყავი, აბა, რა…
რამდენიმე წლის მერე, როცა ალიოშა კოტრიკაძე გავიცანი, გავახსენე ეს ამბავი – მე ვიყავი – მეთქი. სიცილი დაიწყო:
– რა დამავიწყებს შენ სახეს, არ ვიცოდი საცემლად დამდევდი თუ საკოცნელადო“.
ბატონი კახი კავსაძე ფეხბურთის დიდ გულშემატკივრობასთან ერთად ჩინებული მოთამაშეც გახლავთ. მას რუსთაველის თეატრის გუნდში არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია და ხშირად მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია.
„რუსთაველის თეატრის რეპერტუარში მრავალი წელი გვქონდა სპექტაკლი “ხანუმა”. ჩვენს თეატრში დირიჟორი გვყავდა – ლევან ოგანეზოვი. შესანიშნავი მუსიკოსი, კარგი ადამიანი. ერევნის “არარატისა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრები ლამის ისტორიული ფაქტი იყო. შეხვედრებზე ერევნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩამოდიოდა ხოლმე. ბევრს ნათესავიც ჰყავდა თბილისში, სომხები იჩემებდნენ – ჩვენ ვართ მაგრებიო, ჩვენც ტოლს არ ვუდებდით. უჰ, რამდენი ნაძლევი დადებულა თბილისში, უბნებში, სამეგობროში…
მოკლედ, როცა “ხანუმა” ამ ორი გუნდის თამაშს ემთხვეოდა, სპექტაკლის დროს ეროსი მანჯგალაძე საგანგებოდ გავიდოდა ხოლმე სცენის წინა მხარეს. დირიჟორი ხომ ზურგითაა მყურებლისკენ, პირით კი სცენას უყურებს. ეროსის კი როლის მიხედვით ქამარ – ხანჯალი ჰქონდა შემორტყმული.
ჰოდა, რამდენი ბურთიც იყო გასული “არარატის” კარში, იმდენჯერ ამოიღებდა და ჩააგდებდა ხოლმე ხანჯალს ქარქაშში ლოვას დასანახად და აგრძელებდა სპექტაკლის თამაშს. ერთ რამედ ღირდა მათი სახეების დანახვა.
და თუ “არარატი” მოგვიგებდა, ბურთების რაოდენობის მიხედვით ახლა ლოვა ჩაჰკრავდა ოსტატურად დირიჟორის ჯოხს და იყო ერთი პაექრობა.
ერთხელაც ისე მოხდა, რომ ერევნის “არარატი” ბოლო ადგილზე აღმოჩნდა გათამაშების ცხრილში. ეს ჩვენი დირიჟორი დიდი ამბით ჩაჰკირკიტებს გაზეთს.
მე ვუთხარი:
– ლოვას ვენაცვალე, შეაბრუნე და თავში მოხვდება – მეთქი…
არა, მაინც რა განსაკუთრებული ფენომენი იყო მუდამ თბილსის “დინამოსა” და ერევნის “არარატის ” შეხვედრები? ამის ახსნა შეუძლებელია.
ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“