საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და თანმხლები პირები, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, გურიის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიებას მხარის გუბერნატორი უძღვებოდა.
_გურიაში ხშირად გვიხდება ყოფნა. ეს მხარე ჩვენთვის მუდამ პოზიტივია. ყველაზე ძალიან რაც გაგახარებთ, არის ის, რომ რეანომობილი ჩამოვიტანეთ. ეს, გურიას ეყოლება საკუთრად და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სექტორს, – უთხრა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მათი სტრუმრობის შემდეგი მნიშვნელოვანი თემა ვაქცინაციის პროცესია.
მან სთხოვა ექიმებს, მედიცინის მუშაკებს, ესაუბრათ გულწრფელად , თუ რა კითხვებია გაჩენილი. რომ ახლა მათთან კომუნიკაცია უმთავრესია.
ტიკარაძემ ხაზი გაუსვა მედდის გარდაცვალების ფაქტს და ამ ფონზე წარმოქმნილი შიშის დაძლევისკენ მოუწოდა.
_საკმაოდ ტრაგიკული პროცესი იყო მეგის ამბავი. ყველამ იცის, როგორ მუხლჩაუხრელი იბრძოდა ის და მოუწოდებდა ყველას, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. რა თქმა უნდა, ყველას გაგიჩნდებოდათ შიში, მაგრამ ეს უნდა გადავლახოთ. ჩვენთან არიან ექსპერტები. საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღება და იდგმება თითოეული ნაბიჯი, _ თქვა მან.
მისივე განმარტებით, მედდის გარდაცვალების მიზეზი, არსებული იფფორმაციით, ვაქცინა არ არის. თუმცა ელოდებიან სამხარაულის დასკვნას, რაც ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
შეხვედრაზე გამოკვეთილად თქვეს, რომ 15 მარტს, როცა ვაქცინაცია დაიწყო, 700-მა ადამიანმა ჩაიტარა აცრა. 17 მარტს უკვე 1400 იყო. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კი პროცესი შეჩერდა. შიში უნდა დაიძლიოს. შემოტანილია ორი უნიკალური ვაქცინა, რაც ფუფუნებაა და ექიმები უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის. მოქალაქეები ყველაზე ძალიან ენდობიან ექიმების ინფორმ აციას, რაც „ენ დი აის“ კვლევებითაც დადასტურდა.
ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ დასვა კითხვა, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, პოპულარიზაციისთვის, თანამდებობის პირებს, სახელმწიფო სტრუქტუტრაში მომუშავეებს, მიეცათ მაგალითი ხალხისთვის და გაეკეტებინათ ვაქცინა.
ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ შესაძლოა, ეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდეს.
_ვაქცინაცია ხდება საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან არის შეთანხმებულ და ვხსნით იმ ფანჯარას, რომელიც მითითებულია, _ თქვა მან.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნინოშვილის ამბულატორიის წარმომადგენელმა, ზაურ ჩხარტიშვილმა დასვა კითხვები, როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, როცა ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ უკვე გადაიტანეს ვირუსი და აღარ არის აცრის საჭიროება. ასევე , ხომ არ არის ახალი, ინგლისური შტამის საფრთხე გურიაში.
იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვრცლად ისაუბრა კითხვების ირგვლივ.
_მსოფლიოში ცნობილია, რომ ვინც გადაიტანა, დიდია მისი იმუნური თავდაცვის უნარი. თუმცა, ვაქცინის გაკეთება კიდევ უფრო გააყოჩაღებს მის იმუნიზაციას. უმჯობესი კი ის არის, რომ კოვიდგადატანილებმა მორალური თვალსაზრისით ვაქცინა სხვებს დაუთმონ, – განაცხადა მან.
კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ, გამოსვლისას თქვა, რომ მან პირველმა გაიკეთა ვაქცინა. პროცესი კარგად დაიწყო, თუმცა ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. დღეისთვის 160 ადამიანიდან, მედპერსონალში აცრილია 20 მედიკოსი.
მდინარაძემ ასევე კითხვები დასვა, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, როცა ფლაკონის გახსნიდან, 6 საათის განმავლობაში, უნდა გაკეთდეს ვაქცინა. შემდეგ უვარგისია. დაასახელა მაგალითი, როცა მხოლოდ სამი ადამიანი იყო გაკეთების მსურველი და არ გახსნა.
ტიკარაძემ მოუწონა ეს ნაბიჯი და თქვა, რომ უფრო ორგანიზებულობა და ინფორმირებულობაა საჭირო, რომ მოხდეს საჭირო რაოდენობის აცრის მსურველთა თავმოყრა და ვაქცინის რაოდენობა მთლიანად გამოიყენონ.
დავით მდინარაძემ ისაუბრა ასევე კლინიკა „მედალფაში“ არსებული იმუნიზაციის ცენტრის შესახებ და მიიპატიჟა სტუმრები.
_ეს არის გურიაში ერთადერთი იმუნიზაციის ცენტრი, ყოველმხრივ აღჭურვილი . თუ შენიშვნები გექნებათ, გვითხარით ადგილზე და გავითვალისწინებთ, _ უთხრა მან მინისტრს და თანმ ხლებ პირებს.