ინფიცირების რაოდენობა ძალიან მერყევია. ხან გვაქვს 20-ის ფარგლებში, ხან ერთეულები და ზოგჯერ გვქონია დღეები, როდესაც მხოლოდ ნულოვანი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ვირუსი არის და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ეპიდსიტუაცია, რომელიც არის რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსოფლიოში ჯერჯერობით აღმავალი სტატისტიკაა და სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს ისე წარმატებით შეაკავოს ვირუსი, როგორც ეს გასული 4 თვის განმავლობაში შეძლო.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კარგად და სწორად ვმართოთ ვირუსი და უკვე შემდგომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების მდგომარეობა და ის საუკეთესო გამოსავლები, რომლებიც დღეს გვაქვს და ის დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რითაც ასევე ჩვენს საზოგადოებაში ვამაყობთ, რომ გვაქვს ვირუსის მართვის საუკეთესო ხერხი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, რეკომენდაციები რჩება იგივე და ეს არის სოციალური დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და პირბადე.