საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ხალხში მღელვარებამ იმატა. საზოგადოებას აინტერესებს, ვირუსის გავრცელების ფონზე, რამდენად უსაფრთხოა წირვაზე დასწრება, ანუ ხალხმრავალ ადგილას ყოფნა და რამდენად მიზანშეწონილია ასეთ დროს ზიარება _ ერთი და იმავე კოვზით ქრისტეს ხორცის და სისხლის მიღება
“გურია ნიუსმა“ სწორედ ამ კითხვებით დეკანოზ კონსტანტინე პაიჭაძეს მიმართა.
დეკანოზის თქმით, ლიტურგიაზე ვირუსის საშიშროების გამო წაუსვლელობა ურწმუნოების ნიშანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს მოურიდებლობას.
_ უკეთუ იყოს თქვენს შორის ვინმე უძლურ, იხმეთ ხუცესნი ეკლესიისანი და იცხეთ ზეთი”, _ ამბობს იაკობ მოციქული და ამით გვასწავლის ჩვენ, რა და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, ზოგადად, სნეულებების მიმართ. სასწაული დაჰყვება არა ჩვენს სურვილებს სარწმუნოების გამოსაცდელად, არამედ იგი საჭიროების შემთხვევაში აღესრულება. ლიტურგია არის ცოცხალ ღმერთთან ერთობა და კავშირი. მორწმუნეთათვის მისი დაკლება სულიერი კვდომის ტოლფასია და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკური სნეულებები. ლიტურგიაზე ვირუსის საშიშროების გამო წაუსვლელობა, ურწმუნოების ნიშანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს მოურიდებლობას. შესაძლებელია სამედიცინო ნიღაბის გამოყენება და ყველა იმ წესის დაცვა, რაც მედიკოსთა მიერ არის რეკომენდირებული. ეკლესია არ უარყოფს მედიცინას, ამიტომ ნუ გამოვცდით სარწმუნოებას. მოუკლებლად ვილოცვიდეთ, ვემთხვიოთ ხატებს და წირვის მოუკლებლად დავიცვათ სამედიცინო რჩევები, _ ამბობს დეკანოზი.