“მე საერთოდ შეთქმულების თეორიების არ მჯერა და არც უაპელაციო ბრალდებები არა მჩვევია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ყურადღების მიპყრობას” – ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს, რომლის ჩაქრობას სამი საათია უშედეგოდ ცდილობენ სოციალურ ქსელში ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი:
“ელიავას თაობაზე ძალიან კარგი პროქტი აქვს გენგეგმის ჯგუფს, რომელიც გულისხმობს ამ ბაზრობის გადატანას ორ სხვა ადგილას (ადგილებიც შერჩეულია, საკმაოდ კარგიც) და აქ დიდი პარკის და სარეკრეაციო ზონის მოწყობას, მაგრამ არის მეორე პროექტიც, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს, ანუ ფაქტობრივად ბაზრობის გადახურულ ვარიანტია მცირეოდენი მოდერნიზაციით.
სახელისუფლო წრეებში ამ თემაზე სრული ერთსულოვნება არაა, მაგრამ ცხადია მეორე ვარიანტი უფრო პოპულარულია: ინვესტორი, სწრაფი მოგება, ბიზნესი, ფული და ა.შ. თუმცა, ასე პირდაპირ თავიანთივე დამტკიცებული გენგეგმის ჯგუფის წინააღმდეგ წასვლა უჭირთ.
ეს მეორე პროექტი შემოტანილი ჰქონდათ საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიაში და პროექტის მომხრეები სულ ხალხის დასაქმებაზე აპელირებდნენ, სარეკრეაციო ზონა კი კარგია, მაგრამ იქ დასაქმებულ ხალხს რა ვუყოთო, ესენი კიდევ მშენებლობის პარალელურად მათთვისაც გამოყოფენ სივრცეს და აშენების შემდეგ შიგნით შეიყვანენო.
წარმოდგენილი პროექტი საკრებულოში სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა (ძირითადად ოპოზიციისგან და თავად გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმაც მტკიცე პოზიცია დაიჭირა) და საბოლოო ჯამში მისი განხილვა გადაიდო.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ თუ ხანძრის ფაქტი გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების საბაბად, აქაოდა, ამდენი ხალხი დაზარალდა და ხომ უნდა დავეხმაროთო, მაშინ ნამდვილად გამიჩნდება საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო მიზანმიმართულ ქმედებაზე. ბოლო-ბოლო ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია, საბჭოური მემკვიდრეობიდან
ამიტომ, ახლა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ის, თუ რაზე ვიფიქროთ: უბედურ შემთხვევაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილ დანაშაულზე. დაზარალებულებს სახელმწიფო, ცხადია, შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს, მაგრამ აქ ისეთი დახმარების ფორმა უნდა გამოინახოს, რომ გენგეგმის ჯგუფის კარგი, მე ვიტყოდი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, ძალაში დარჩეს.
ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებაც იმისდა მიხედვით გააკეთებს დასკვნებს, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება.
საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ამაზეა ნათქვამი.”- წერს ზურაბიშვილი.