დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც ენმ-ს ადგილობრივმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს იმ პირების სია, რომლებიც, მათი თქმით, წინასწარ იყო შერჩეული კომისიებში წევრებად და საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხდება ჩარევა საუბნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით:
“როგორც ჩვენთვის კონფიდენციალური, სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი, „ქართული ოცნება“ აპირებს უხეშად ჩაერიოს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებაში და თავად დააკომპლექტოს ჯერ საუბნო საარჩევნო კომისიები, შემდგომში კი განახორციელოს საკვანძო თანამდებობებზე (კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე) სარჩევნო ადმინისტრაციებში მათდამი ლოიალურად განწყობილი წევრების დანიშნვა.
მოვუწოდებთ, ერთის მხრივ, სახელისუფლებო პარტიას ხელი აიღოს ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც კი ეჭვ ქვეშ დააყენებს მომავალი ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას, მეორეს მხრივ კი მოვუწოდებთ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არ დაუშვან ხელისუფლების მავნებლური ჩანაფიქრის აღსრულება.
ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენის მხრივ კი ვაცხადებთ, რომ მიუხედავად დიდი მონდომებისა, გაგვაჩნია საკმარისი რესურსი, რომ არ დავუშვათ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და ძირშივე აღვკვეთოთ ნებისმიერი მათი მცდელობა ამ მიმართულებით“, _ განაცხადეს ბრიფინგზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპასუხო ბრიფინგი დაინიშნა #60 საარჩევნო ოლქში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა კატეგორიულად უარყო:
_ 2017 წლის 4 სექტემბერს #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ. შემოსული იყო 494 განაცხადი, აირჩა 372 კონკურსანტი. არჩეულთაგან 80 არის საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების მონაწილე, 6 არის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული, ხოლო 280 გამოცდილების მქონე ყოფილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.
ვიხელმძღვანელეთ, რა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციით, პირველ რიგში, სწორედ კონკურსანტების ამ გამოცდილებას ვითვალისწინებდით – მათ შორის მათ მონაწილეობასაც საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო კურსებში.
კომისიის სხდომის დაწყებისთანავე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან-კონსერვატორების” კომისიის წევრებმა საოლქო კომისიაში კონკურსანტთა არჩევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.
სხდომამ ჩაიარა მშვიდ გარემოში, რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები _ “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოლქო საარჩევო კომისიის საქმიანობაში ხდება ჩარევა საუბნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რეალობისგან შორს დგას და ასეთი განცხადებები საფუძველს არის მოკლებული. დღეს ერთ-ერთი პარტიის მიერ მედიაში გავრცელებული მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ამ მონაცემებში მოყვანილი პირების უმეტესობა არ არის არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, _ განაცხადა თენიეშვილმა.