საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.
ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული განაკვეთის გადაწყვეტილება სპეციალურ განცხადებაში განმარტა.
„თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ.
მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. აღნიშნული ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. ამასთან, კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით.
რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება.
წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. ამის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და იანვარში წლიურად 95%-ით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში წლიურად 12%-ით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და 3 პროცენტით არის გაზრდილი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება.