აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანი იქნება: აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინრეჟიმში (ინტერნეტით) გაივლიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე, 1-ლი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე.
ამ პერიოდში, აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
31 მარტის 18:00 საათის შემდეგ, აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა. მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც ჩასაბარებელი საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
15 აპრილის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აბიტურიენტის სარეგისტაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელი იქნება.
რეგისტრაციის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტის შენახვა/ამობეჭდვა აუცილებელია, ვინაიდან ამ დოკუმენტის წარდგენის გარეშე რეგისტრაციასთან ან სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი ცენტრის მიერ არ მიიღება.
„არ გაანდოთ სხვას პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორესა და მასში შემდგომ შეტანილ ცვლილებებზე“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.