ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ღია წერილს ავრცელებს. პოზიცია სარალიძემ სოციალუ ქსელში დააფიქსირა.
” მივმართავ სრულიად საქართველოს.განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა. განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტეს.
მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია.თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.
ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი,რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.გამოდის ,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს. ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.
მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. არც ერთ მართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი,”– წერს სარალიძე.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება.
აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
გუშინ დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.