მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ზაზა პაპუაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, გამოძიებას პარლამენტის წევრები კი არ უნდა ატარებდეს, არამედ კვალიფიციური საგამოძიებო ორგანოები. გარდა ამისა, პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისია პოლიტიკურ საკენკს შეადარა და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა არსებით შედეგს ვერ მოიტანს, მითუმეტეს, მაშინ, როცა, მისი თქმით, კომისიის უმრავლესობა ,,ევროპული საქართველოს“ წევრებით არის დაკომპლექტებული.
,,მე არ ვიცნობ ,,ევროპულ საქართველოს“, მე ვიცნობ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლშევიკურ და ფაშისტურ მოძრაობას, რომელიც ორად არის გაყოფილი. ვითომ ჭკუა იხმარეს და განსხვავებული სახელი დაირქვეს, ერთი სისხლისა და სიმახინჯის პატრონები არიან. ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას მხარს არ ვუჭერდი, რადგან არ ვიცი, რა უნდა გამოიძიოს საგამოძიებო კომისიამ მაშინ, როცა ქვეყანაში საგამოძიებო სისტემები არსებობს. ეს არის პოლიტიკური საკენკის კენკვა, დროის გაწელვა და ნერვების თამაში. საპარლამენტო კომისიამ კი არ უნდა გამოიძიოს საქმეები, უნდა გამოიძიონ კვალიფიციურმა გამომძიებლებმა და პროკურორებმა, რომლებმაც ნათელი უნდა მოჰფინონ იმ შეკითხვებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საზოგადოებაში გაჩნდა. ამიტომ გამოძიება უნდა აწარმოოს საგამოძიებო ორგანომ და არა პარლამენტმა. მთავარი არის ის, რომ სიმართლე სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალსა და პერსპექტივას, სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი უნდა იყოს, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი“,_ განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე 2 ივნისს გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, დაბადა ერთი მნიშვნელოვანი ვარსკვლავი, სახელად ,,კაა“.
,,რუსთაველზე რაც ხდებოდა, ეს არის ერთი დიდი ,,კაა“. განსაკუთრებით გამოვყოფდი 2 ივნისის ღამეს. ვიფიქრე, რომ მართლა ხომ არ გადავიდა ეს ხალხი ჭკუიდან. მეგონა ხალხმრავალ მიტინგს უძღვებოდნენ და რეალურად მოედანზე იდგნენ პოლიციელები, ჟურნალისტები და ამ პარტიების მხარდამჭერები, ფაქტობრივად, ერთმანეთს უტარებდნენ მიტინგს. რასაკვირველია, ამ მოძრაობამ დაბადა ერთი ახალი ვარსკვლავი სახელად ,,კაა“, რომელმაც მთელი ეპოქის სათქმელი დინამიურად, ტემპერამენტულად, და შინაარსობლივად მოაქცია ამ ჯადოსნურ სახელში“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს, პარლამენტის წინ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი აქციის ჩატარებას აანონსებს, სადაც მთავარი მოთხოვნები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის გადაყენება იქნება.