ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქციის „მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრები 26 მაისს ქალაქის ცენტრში დადგმულ ჯვართან შეიკრიბნენ. მათ 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ყოფილი მმართველი გუნდისა და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. აქციაზე გარდა ფრაქციის წევრებისა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრიც იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზეიმო განწყობაა, ძალიან მწვავედ მახსენდება 2011 წლის ვანდალური აქტი. ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის დასამარება, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, დღემდე ეს ვანდალიზმი გამოძიებული არ არის. პირიქით, ავადსახსენებული კოჰაბიტაციის გამო, დამნაშავეები დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
2011 წლის 26 მაისი ყველა ქართველისთვის იყო უმძიმესი დღე, რადგან სისხლით მორწყულ ქუჩებში აღლუმის ჩატარება იყო საშინელება.
პირადად საკუთარ ოჯახის წევრზე მაქვს გამოცდილი ამ ვანდალური აქტის გავლენა და დღევანდელი აქციით მე არას ვეუბნები კოჰაბიტაციას და ვთვლი, რომ დამნაშავე რეჟიმი უნდა დაისაჯოს“, _ აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ, ნონა მურვანიძემ, რომელიც საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიულ მოძრაობას“ წარმოადგენს.
ფრაქციის _ „მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრის, დარეჯან ბურჯულაძის აზრით, მმართველმა პარტიამ ვერ გაამართლა ხალხის იმედები და ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა.
„ყველასთვის მნიშვნელოვანი და საზეიმო დღეა 26 მაისი, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ აცდა გაორებულ დღესასწაულებს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი დღეა 26 მაისიც. 2012 წელს, როცა მე „ქართული ოცნების“ გვერდით ვიდექი, მჯეროდა, რომ ეს ძალა სამართლიანობას აღადგენდა. მჯეროდა, რომ გამოუძიებელი არ დარჩებოდა შვიდი ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენები და ძირითადი პრინციპი, რითაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო ძალაუფლება, შესრულებული იქნებოდა. თუმცა, ამდენი წელი გავიდა და ამის ნაცვლად მივიღეთ ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია. მჯეროდა, რომ დაისჯებოდნენ სისტემური დანაშაულის გენერლები, თუმცა, მივიღეთ საწინააღმდეგო. ხალხის დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ძალიან მტკივა გული, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა იმედები“, _ თქვა ბურჭულაძემ.