“ნუ გააუპატიურებთ თქვენივე დაწერილ სამართალს, თქვენ რომ გაბარიათ იმ ქვეყანას!.. ნუ წაბილწავთ ეკლესიას, ხატს, ბერს, ზარს… დატოვეთ რამე შეუბღალავი, ცას მაინც ნუ შეაწმენდთ ხელებს!” _ ასე ეხმაურება პოეტი რობერტ მესხი თბილისში მიმდინარე პროცესებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
თავის პოსტში პოეტი ხელისუფლებას მიმართავს მისცეს ახალგაზრდებს შენების, შექმნის, ღიმილის, ბედნიერების საბაბი.
“ეს ის თაობაა, რომელმაც სამი წლის წინ წარღვნაში მოყოლილ თბილისს უპატრონა…
მაშინ მიზანი გამოკვეთა სტიქიამ, საქმე გააჩინა, ფასეულობები დაახარისხა… მერე კვლავ გაუჩინარდა ეს ყველაფერი, თითქოს არც ყოფილაო, მტკვარში ჩაიტანა ვერემ…
ხელისუფალს მივმართავ – გაქსუებულ გვამებს, ვინც მხოლოდ საკუთარ ფასეულობებზე და ზადახშებზე ფიქრობს – მიეცით ამ სისხლსავსე თაობას (და მათ მშობლებსაც) შენების, შექმნის, ღიმილის, ბედნიერების საბაბი!..
კლუბებიც იყოს და სხვა თავშეყრის ადგილებიც, მაგრამ ნუ მოკლავთ განათლებას, წიგნს, მიწას, ხეს, წყალს, ჰაერს… ნუ გააუპატიურებთ თქვენივე დაწერილ სამართალს, თქვენ რომ გაბარიათ იმ ქვეყანას!.. ნუ წაბილწავთ ეკლესიას, ხატს, ბერს, ზარს… დატოვეთ რამე შეუბღალავი, ცას მაინც ნუ შეაწმენდთ ხელებს!
მაშინ არავინ იცეკვებს ცხრააპრილელთა მემორიალზე, არავის აერევა სიტყვა „კაიფი“ ნარკოტიკებში და ყველაფერი იქნება მართლა ფერადი და არა ისეთი, როგორიც დღესაა – ბუტაფორიული და აღრეული უნიჭო მხატვრის იაფფასიანი ტილოსავით…
მაინცდამაინც სტიქიამ და უბედურებამ რატომ უნდა გააკეთოს თქვენი საკეთებელი, თბილ კაბინეტებში გამოკეტილებო?! რატომ უნდა ველოდოთ ყოველთვის ურმის გადაბრუნებას გზის გამოსაჩენად?!
ხელისუფალი, რომელსაც თავისთვის არა აქვს შერჩეული ღირებული ფასეულობები, სხვას ვერაფერს განუსაზღვრავს!..
მღვდელი, რომელიც ყულაბასავით ელოდება შესაწირის ავსებას, მრევლს ვერ განანათლებს!
უკომპასო გემი ვერაფრით მიადგება ხმელეთს ავდარში!..
მაინც ზურგის ქარის იმედი მაქვს! რაც გინდათ, ის დაარქვით ამ ქარს! უმოწყალოდ რომ გავცვითეთ, იმათი იმედიც მაქვს – უფლის, სიყვარულის და თავისუფლების!”, _ წერს რობერტ მესხი.