საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე ,,გურია ნიუსთან“ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარებას ეხმაურება. როგორც შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სირიის ერთადერთი მეგობარი ქვეყანა რუსეთია, შესაბამისად, ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის.
,,ერთი მხრივ, სირიაში ასადის რეჟიმი თავის ტერიტორიას მთლიანად ვერ აკონტროლებს, მეორე მხრივ, ის არის იზოლირებული რეჟიმი და პრაქტიკულად, რუსეთის გარდა მხარს არავინ უჭერს, სხვა მეგობარი მას არ ჰყავს. სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ნამდვილად მოსალოდნელი იყო, ეს რუსეთზე იყო დამოკიდებული. ამ ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, გარკვეული სანქციები დაუწესოს სირიას, მაგალითად, სირიელები უვიზოდ არ შემოვუშვათ საქართველოში“,_ გვითხრა შარაშენიძემ.
ცნობისთვის, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა.