ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირი (უბნები: ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა), ბახვისწყლის მარჯვენა სანაპიროსთან, ზღვის დონიდან 300 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.
სულ აქ 287 კომლი ცხოვრობს. სოფელს ატყვია საშემოდგომო სამზადისი (საახალწლოც) და ახლახან მოსულ-წასული თოვლის ლილოჭრელიც.
შუადღის მზეს, თითქოს ზაფხული იყოს, ისე უდევს თავი ქვის ბალიშზე. ასკანის ციხის იდუმალი სილუეტი ძველებურად ქუშია, თუმცა მაინც მეტყველი…
როგორა ხართ, აქაურებო?
_ახალი გვიახლოვდება და მხოლოდ კარგზე უნდა ვისაუბროთ. მაღალმთიანი ზონის სოფლის სტატუსისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჯერ უშედეგოდ. ზღვის დონიდან სიმაღლე არ გვიწყობს ხელს ბოლომდე, მხოლოდ ვანისქედშია 550 მ.სიმაღლე. უნდა იყოს _ 800. კორონამ, ალბათ, ყველაზე ნაკლებად შეაწუხა ჩვენი სოფელი, ხუთი შემთხვევა თუ იყო, თან მარტივად. ახლა ყველა კარგადა. ანუ, კარგად გავისტუმრეთ მიმავალი წელი, – გვეუბნებიან აქაურები.
მთის და მთისწინა ზონის შესატყვის ლანდშაფტზე განლაგებულ სახლებში კარგად ჩანს ზამთრის დასახვედრად მზადყოფნა -შეშა ადგილზეა, ჭირნახული „მითავყუდებული“, კარგად მოვლილი პირუტყვი, შინისაკენ ადამიანივით მიუყვება გზას და გონიერი თვალებით მომზირალი, თიტქოს, აბათილებს თავის უტყვობას.
ჩვენი, ოზურგეთელი ჟურნალისტების ჯგუფი უკანავაში მცხოვრებ, 3 თვის წინ თურქეთში სამკურნალოდ მყოფ და ახლახან დაბრუნებულ თამუნა შავაძეს ეწვია (მთელმა საქართველომ იცის, ტრაგიკული დღის ისტორია, როცა ეზოში მოჭრილი ხე, გოგონას და დედამისს დაეცა და მას შემდეგ იბრძვის რეაბილიტაციისთვის).
_ ძალიან გამახარეთ რომ მოხვედით და ეს დღე გამილამაზეთ. დღეს მე რომ ასე ძლიერი ვარ, თქვენი და მათი დამსახურებაა, ვინც თუნდაც ერთი სიტყვა მომწერა და ერთი თეთრიც გაიღო ჩემთვის. უკლებლივ ყველას მინდა , გადავცე ჩემი მადლობა , განსაკუთრებით ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ჯანდაცვის სამინისტროს. მშვიდობა უნდა ვუსურვო ჩემს ქვეყანას, ჯანმრთელობა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ნებისყოფა კი მთავრობას. ნატოსთანაც, ევროპასთან, რაც შეიძლება, მალე ვიყოთ, გავხდეთ მათი წევრები და მივიღოთ ის რაც გვეკუთვნის, _ ასეთია თამუ ნას წინასაახალწლო გზავნილი საკუთარ სამშობლოსთან, მის ხელისუფლებასთან და ხალხთან.
_როცა აქ ცხოვრობ , როცა ეს მთები.მდინარეები თუ ისტორია შენია, ვალდებული ხარ, გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე. ეს მთები გიბიძგებს, რომ არ იყო სუსტი! ბრძოლის ძალას გაძლევს, .არ გაშინებს წინააღმდეგობა, პირიქით, მეტი საქმის კეთებისკენ გიბიძგებს, _ თავის სოფელზე როცა საუბრობს, ასე გამოხატავს საკუტარ მიდგომას, სიყვარულს, მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის ქალი ხელმძღვანელი, მაია ჩავლეშვილი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ადგილობრივებს.
ჩვენგან მირთმეული სიმბოლური საჩუქრის დიდად წარმოჩენას ცდილობს, დახვედრასა და მარიფათში „გაუსაძლისი“ ქალბატონი მერი შავაძე, თამუნას დედა, ( სუფრის თავში თუ არ დაგსვა, საით გაგიშვებს, ახალი წელი მოდის, რას მიქვია უპუროდ წასვლაო). ეზოში გამოსული კი, უნდა გაგაცილოთო, უცებ მოგვიბრუნდა: „ხარს ვგევარ ნაიალაღარს…“ _ ვაჟას სიტყვებით დაგვემშვიდობა მხოლოდ.
ოჯახი, სადაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა დგას და მაინც, რომ იტყვიან, ჩიტის რძე არ აკლია! ოჯახი, რომელიც ამავდროულად წიგნში იმიტომ იყურება, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს და ვაჟასეული ლოცვა-ფიცით სუნთქავდეს…
ამიტომ არ უწერია ჩვენს სამშობლოს გაქრობა, რომლის ახალ წელიწადს ყველაზე გულწრფელად, ყველაზე დიდი სიხარულით და იმედით, აქ, მთაში, ელიან!