პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ განმწესების საკითხს გამოეხმაურა, რომელთა შორის გახმაურებული საქმეების მოსამართლეებიც მოხვდნენ.
,,სამწუხარო რეალობა გახლავთ, მაგრამ გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც 2015 წლის მილეულს ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სამართლიანობის სიმბოლოდ წარმოგიდგინა ლევან მურუსიძე. ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ იყო შეჩვენებული. რასაკვირველია, სასამართლო სისტემის რეპუტაციას ასეთი ნაბიჯები არა თუ ვნებს, არამედ ანგრევს. დიდი ხნის განმავლობაში ძალისხმევის მიუხედავად, ისევ ვიბძვით, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა, მაგარამ როგორც კი ვამჩნევთ, რომ სულელებად მივაჩნივართ პროკურატურას მთავრდება ფიქრი იქნება თუ არა გარკვეული გადაწყვეტილება სამართლიანი. პოლიტიკური შურისძიების მექანიზმად არის წარმოჩენილი ის გუნდი მოსამართლეებისა, რომლებიც ძალიან დროულად და ზუსტად დაახასიათა უკვე იუსტიციის მოქმედმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ“, – უთხრა ,,გურია ნიუსს“ ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გაიმართა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ განსამწესებლად, რომლებმაც საბჭოს წერილობითი განცხადებით მიმართეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს, რომელთა შორის არიან სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის გახმაურებული საქმეების მოსამართლეები.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა 6 მოსამართლეს _ ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით კეკენაძეს.