სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტები, კერძოდ დავით დევნოზაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირისა უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე ალექსანდრე მუხაძე გამტყუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წელს ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. კერძოდ, დავით დევნოზაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ. თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ხელშეწყობით, დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულვებელყოფით, არაოფიციალურად ცალ-ცალკე შეხვდა ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ პირებს და მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები, ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.