სტრატეგია „ევროპა 2020“ მიზნად ისახავს:
_ გლობალიზაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამოწვევებს უპასუხოს ევროპული ეკონომიკის უფრო კონკურენტუნარიანად გადაქცევის მეშვეობით (ტელეკომუნიკაციები, მომსახურებები, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ახალი მწვანე ტექნოლოგიები);
_ უზრუნველყოს ცოდნაზე დამყარებული განვითარება: ცოდნის, ინოვაციის, განათლებისა და ციფრული საზოგადოების დამკვიდრება;
_ მდგრადი განვითარება: რესურსების უფრო მეტად დამზოგველი, უფრო მწვანე და უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
_ ყოვლისმომცველი ეკონომიკური განვითარება: დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მქონე და სოციალური და ტერიტორიული ინტეგრაციის პრინციპზე დამყარებული ეკონომიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.
1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა ორმა დიდმა ცვლილებამ გამოიწვია ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრანსფორმაცია მთლიანად მსოფლიოში (და ევროპაშიც). პირველი იყო გლობალიზებული ეკონომიკის წარმოქმნა, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სისტემები უფრო და უფრო ურთიერთდამოკიდებული ხდებოდა, ხოლო მეორე იყო ტექნოლოგიური რევოლუცია
_ ინტერნეტი, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციოტექნოლოგიები.
ამ მოვლენების საპასუხოდ 2000 წელს ევროკავშირმა შეიმუშავა სტრატეგია სახელწოდებით „ლისაბონის პროცესი“, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ეკონომიკის მოდერნიზებას.
ახლახანს მსოფლიო შეარყია მსხვილმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც გამოიწვია მწვავე ეკონომიკური ვარდნა და უმუშევრობის გაზრდა
ევროპაში. ლისაბონის პროცესს 2010 წელს მოჰყვა სტრატეგია „ევროპა 2020“, რომელიც ითვალისწინებს რიგ ინიციატივებს, რომელთა მიზანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკების უფრო პროდუქტიულად ქცევა და სოციალური ინტეგრაციის გაზრდა.
ევროკავშირის ყველა სახელმწიფო შეთანხმდა, რომ აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე:
გააფართოონ ევროკომისიის როლი პროცესის წარმართვაში, კერძოდ, ევროპაში „საუკეთესო პრაქტიკის“ გავრცელების გზით;
- მიიღონ უფრო სწრაფი ზომები მათი ფინანსური ბაზრებისა და სოციალური დაცვის სისტემების რეფორმირების და მათი ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორების კონკურენციისთვის გახსნის მიზნით;
- გააუმჯობესონ მათი განათლების სისტემები, მეტი გააკეთონ ახალგაზრდებისთვის სამუშაოს პოვნაში დახმარების მიზნით, ხელი შეუწყონ უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიზნეს-საწარმოებს შორის უფრო ძლიერ კავშირებს და გააგრძელონ პროგრამები _Erasmus, Leonardo და Erasmus Mundus;
- მიიღონ უფრო სწრაფი ზომები (მაგალითად, მათი საგადასახადო და სოციალური დაცვის მექანიზმების ჰარმონიზების გზით) კვლევისთვის „ერთიანი ევროპული ბაზრის“ შესაქმნელად, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მეცნიერებს, ცოდნასა და
ტექნოლოგიებს, თავისუფლად გადაადგილდნენ მთელი ევროპის მასშტაბით;
- გაზარდონ სახსრების ხარჯვა კვლევასა და ინოვაციებზე მშპ-ის 3%-მდე (ეს მიზანი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაისახა).
ევროპული საბჭო ყოველ გაზაფხულზე იკრიბება, რათა განიხილოს წარმატება ზემოთ აღწერილი სტრატეგიის გახორციელებაში.
პასკალ ფონტენი,
12 გაკვეთილი ევროპის შესახებ