ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო – სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლევადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან, დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროს მიიღებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ევროკავშირი საქართველოს რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ის ასევე მტკიცედ ემხრობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამ კონტექსტში, აბსოლუტურად მიუღებელია სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ განვითარებული ბორდერიზაციის ბოლოდროინდელი მოვლენები,“ – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.