დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელები, გიორგი თავაძე და გიორგი ჭილაია დახმარებას ითხოვენ.
1981 წლის დინამოს ოქროს თაობის წარმომადგენლები, ფინანსურ მხარდაჭერის თხოვნით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ – გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები. ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონრები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით.
ძალიან გაგვიჭირდა, გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.
მიმღები გიორგი თავაძე
საქ ბანკი GE63BG0000000498533795
თიბისი GE24TB7845245064300028
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის“, _ ნათქვამია განცხადებაში.
adjarasport.com-თან საუბარში, გიორგი თავაძემ აღნიშნა, რომ დახმარების თხოვნით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართეს, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია:
“თბილისის დინამოში როცა ვთამაშობდი, ბინის გარეშე დავრჩი. დაოჯახებული არ ვიყავი და 1-ოთახიანი ბინა უნდა მოეცათ. თასების თასის მოგების შემდეგ, იყო საუბარი, რომ ჩვენთვის კორპუსი აშენდებოდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და დავრჩით მე და გია ჭილაია ბინის გარეშე.
დახმარების თხოვნით სამინისტროსაც მივმართეთ, მერიასაც და საერთოდ ყველას, ვისაც დახმარება შეეძლო, რათა არ ვყოფილიყავი ასეთ უბედურ მდგომარეობაში.
ყველაფერს ვაკეთებ, ტაქსის მძღოლად ვმუშაობ, რომ ქირის ფული გადავიხადო. განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს და ფედერაციამაც რომ მიმატოვოს, ჩათვალეთ, რომ დაღუპული ვარ. წელიწადში ერთხელ თუ ვთხოვ და ქირის ფულით მეხმარებიან“, _ გვითხრა გიორგი თავაძემ.
გიორგი თავაძე თბილისის დინამოს რიგებში 1979-82 წლებში თამაშობდა, ხოლო გიორგი ჭილაია თბილისური კლუბის ღირსებას 1975–1981 და 1984 წლებში იცავდა.