ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მამუკა ნადირაძის შუამდგომლობა და სამ ახალგაზრდას გ.თ , თ.ბ. და ვ.ს. აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულ ახალგაზრდებს მოსამართლემ ბრალის არსი კიდევ ერთხელ შეახსენა:
“თქვენ ბრალად გედებათ სსკ. #353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების გახორციელება, რაც განმარტებულია არის, როგორც პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელისშეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი დანაშაული ძალადობრივი ჯგუფის მიერ“. ქმედება კი ისჯება თავისუფლების ვადის აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში ცენტრალურ უბანში, სადაც შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტი მდებარეობს, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი 4 მაისს, საღამოს 10 საათზე, საბილიარდოში მოხდა, რომელსაც ჩვენი წყარო ასე აღწერს: „ახალგაზრდები, ლუდის ბარ “ნატახტარში“ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათ საბილიარდოში თამაში გადაწყვიტეს. იქ შესულებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი დახვდათ, რომლებიც ბილიარდს თამაშობდნენ. ახალგაზრდებსა და აღნიშნულ პირებს შორის რამდენიმე წუთში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემი არიან ახალგაზრდები, რომლებიც “ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს. მათ სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ასევე, ნაცემი არიან ის პირები, რომლებიც, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციის მაღალჩინოსნები _ ს.ს. და მ. შ. იყვნენ.
პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს, მათი უფლებების დამცველების დავით მამალაძის, ნინო ნინიძის და მერაბ ფუტკარაიას განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ პოლიციელები, რადგან არ ეცვათ ფორმები, არ წარმოუდგენიათ სამსახურებრივი მოწმობა“.
პროკურორის, მამუკა ნადირაძის განმარტებით, 2017 წლის 4 მაისს ქალაქ ოზურგეთში ჭავაჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბილიარდის სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირებმა თ.ბ. გ.თ და ვ.ს. დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ საქმიანობის ხელშეშლის შეწყვეტის მიზნით განახორცილეს, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური ძალადობა:
“თ.ბ-მ ბილიარდის ჯოხი, რომელიც მას ხელში ეკავა, თავის არეში ჩაარტყა სამმართველოს უფროსს სოსო სულაბერიძეს და ხოლო გ.თ-მ ბილიარდის ბურთი სახის არეში დაარტყა დეტექტივ _ გამომძიებელ მალხაზ შაშიაშვილს, აღნიშნულის შემდეგ კი გ.თ, თ.ბ და ვ.ს. გააგრძელეს სოსო სულაბერიძის და მალხაზ შაშიაშვილის წინააღმდეგ ძალადობა და სახის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ხელ-ფეხს, მათ მოთხოვნებს _ შეჩერებულიყვნენ, არ ემორჩილებოდნენ.
შსს გურიის თანამშრომლებმა გ. თ, თ. ბ და ვ. ს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ ძალადობა. ისინი არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და ვ.ს-მ პოლიციის მუშაკს შამილი თავდგირიძეს შემოახია სამსახურებრივი ფორმის ჟილეტები, ამიტომ მოვითხოვთ სამივე პირის მიმართ იყოს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით, რადგან მათ მიმართ არსებობს დაპატიმრების საფუძვლები, საქმეზე არსებობს მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები.
პროკურორმა ხაზი გაუსვა, ასევე, ერთ გარემოებას, რომ დაკავებულთაგან ორი მათგანი არის წარსულში ნასამართლევი, აქედან ერთ-ერთი კი გ.თ. იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ამიტომ არსებობს მათი მიმალვის საფრთხე.
თ.ბ-ს და ვ.ს-ს უფლებების დამცველმა დავით მამალაძემ განმარტა, რომ პროკურორის მიერ წაყენებული ბრალდება არის შეგნებულად დამძიმებული და უსაფუძვლო ყოველგვარი მტკიცებულებებით გაჯერებული, რაც, რა თქმა უნდა, მამალაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც მამალაძემ სასამართლოს პროცესზე აღნიშნა, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველაზე მთავრი მტკიცებულება და დამადასტურებელი სიმართლისა, არის საბილიარდო სახლში დამონტაჟებული ვიდეოფირები, რომელიც უკვე აღარ არსებობს:
“ბრალდების მხარის ფორმულირება, რაც დადგენილებაშია მითითებული, არის შეგნებულად დამძიმებული, არ არის მტკიცებულებებით გაჯერებული, რადგან არ შეესაბამება არსებულ ვითარებას, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რითაც ჩვენ შეგვიძლია ნათელი მოვფინოთ არსებულ რეალობას, არის განადგურებული, თუმცა, ვის მიერ ჯერ არ ვიცით, ეს არის საბილიარდოს სახლიდან გამქრალი ვიდეოფირები, არ არსებებს ვიდეო. რაც შეეხება პოლიციელების წინაშე ძალადობას, ეს არ არის სიმართლე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ ცნობენ თავს დამნაშავედ, ისინი ამ ბრალდებას არ აღიარებენ“, აღნიშნა მამალაძემ.
მისი განმარტებით, ინციდენტის დროს აშკარად ჰქონდა პოლიციის მხრიდან პროვოკაციას ადგილი, რადგან ისეთ ადგილებში, სადაც აზარტული თამაშებია, ან თუნდაც საბილიარდო, საყოველთაოდ არის აღიარებული ის ფაქტი, რომ მცირე ზომით უწმაწური სიტყვები დასაშვებია, ამაზე პროვოცირება არ უნდა მომხდარიყო:
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ვ.ს. და თ.ბ ამბობენ, რომ მათ რომ სცოდნოდათ, საბილიარდოში მყოფი პიროვნებები პოლიციელები იყვნენ, მათ წინაშე ფიზიკურ ძალადობას არ ექნებოდა ადგილი და არც წინააღმდეგობას გაუწევდნენ. თავდაპირველად პოლიციელები წამოვიდნენ მუქარაზე, ჩხუბსა და ძალადობაზე, ახალგაზრდები კი, თავის დაცვის მიზნით, წამიერად ეცადნენ მათ მოგერიებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელების მიმართ ძალადობა წინასწარ განზრახული არ ყოფილა“.
დავით მამალაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვ.ს-თან დაკავშირებით ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება:
“თვითონ პოლიციის მიერ გამოკითხული მოწმეებისგანაც კი ირკვევა, რომ ვ.ს. საბილიარდოს ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია, პირიქით, ის აშველებდა მხარეებს, ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე დაკითხული, რომ ვ.ს. დააკავეს მას შემდეგ, რაც საბილიარდოდან გამოვიდა და თხოვდა გარეთ მყოფ ადამიანებს, რომ ბიჭები იყვნენ უდანაშაულო და პროვოკაცია მოაწყვეს პოლიციელებმა.
სამივე ახალგაზრდის უფლებების დამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მოსამართლეს გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრებინა და ახალგაზრდები არ დაეტოვებინათ პატიმრობაში, რადგან მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე რეალურად არ არსებობდა.
თუმცა, პროკურორი კიდევ ერთხელ განმარტავდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, სამედიცინო დასკვნების მიღების შემდეგ კი შესაძლოა იყო, დაკავებულებს ბრალი კიდევ უფრო დამძიმებოდათ, რაზედაც ადვოკატმა დავით მამალაძემ უპასუხა, რომ დაზიანებები მიყენებული ჰქონდა ორივე მხარეს, ანუ დაზარალებული არის, როგორც ერთი მხარე, ასევე, მეორე მხარე _ ახალგაზრდები. მამალაძის განმარტებით, მას ინფორმაცია აქვს, რომ ვ.ს-ს საქმე „განზრახ შეკერა პოლიციამ“.
“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვ.ს. პოლიციელს შამილი თავდგირიძეს შემოახია სამსახურებრივი ჟილეტი, არის ტყუილი და განზრახ შეკერა პოლიციამ საქმე“.
სასამართლო პროცესზე სამივე ადვოკატი დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ პოლიციელები, შესაბამისად, არცერთი მათგანი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 21 ივნისს 12 საათზე ჩაინიშნა.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა საბილიარდოს მფლობელს ირაკლი კელენჯერიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საბილიარდოს სახლში კამერები დგას, თუმცა, ჩაწერა ვერ ხორციელდება ტექნიკური მიზეზების გამო.