ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში, ყვავილების სიმრავლე იყო _ ამ დღეს ყველაზე მეტად იყიდება ყვავილები.
“გურია ნიუსი” ოზურგეთში ასეთი დიალოგის მომსწრე გახდა.
_ რა ღირს ყვავილი?
_ თაიგული 1 ლარი, _ რატომღაც, ეს ფასი არ აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცისთვის მისაღები და გზას გაუდგა. ყვავილების გამყიდველმა კი მას საჩუქრად შესთავაზა თაიგული.
“გაჩუქებ, ბებია, ფული თუ არ გაქვს! მეტი რა ვქნა? მეც ძალიან მიჭირს”, _ ეს ქალბატონო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა. როგორც მან გვითხრა, მხოლოდ 8 მარტს ყიდის ყვავილებს.
“ყოველდღე არ დავდივარ _ მხოლოდ 8 მარტს გამოვდივარ. რა ვქნათ, მეტი გამოსავალი ვერ ვნახე და პურის ფულს ასე გავაკეთებ დღეს. ძალიან უჭირს ხალხს”, _ გვითხრა ლ. ჩ.-მ.
თამარ ღლონტი, “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი: “სამწუხაროა, მაგრამ გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტები არსებობს და ამ მხრივ, საკმაოდ მძიმე სურათია.
ასევე, კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს დაბალი ანაზღაურება აქვთ. რიგ შემთხვევაში, მათი ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე კაცების.
ვისურვებდი, რომ საჯარო სექტორში თანამდებობებზე ქალები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილები, ვიდრე დღეს არიან.
ასევე, ვისურვებდი, პოლიტიკურ პარტიებში ქალთა აქტივობა მხოლოდ მეორეხარისხოვანი საქმიანობით არ შემოიფარგლოს და ისინი პოლიტიკური პარტიების მხრიდან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც პოლიტიკური სუბიექტები. პარტიებმა ხელი უნდა შეუწყონ ქალთა როლის წამოწევას და შესაბამისად, მივაღწევთ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ამაღლებას”.
ქეთევან ხიდაშელი, “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” თავმჯდომარე:
“ეს გამოწვევა არსებობს მთელ მსოფლიოში. ზოგადად, სახელმწიფომ ბოლო 2 წლის მანძილზე ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით. თუნდაც ის, რომ, როგორც სტამბულის კონვენციის ხელმომწერმა ქვეყანამ, არა ერთ კანონში განახორციელა ბევრი ცვლილება, რითაც უფრო მეტად დაცული გახდა ქალთა უფლებები, ძალადობის ფაქტებზე პოლიცია რეაგირება. თუმცა, პრობლემაა ის, რომ ქალთა დიდი ნაწილი გარკვეულ ქმედებებს ვერ აღიქვამს დისკრიმინაციად. იმის თქმა მინდა, რომ კვლავ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი ცნობიერების ამაღლების კუთხით, არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციების, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან”.
მარი ჩხიკვიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ქალები გურიისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი:
“ქალთა უფლებების კუთხით, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ოზურგეთშიცაა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, რამაც გააუმჯობესა ქალთა მდგომარეობა, ეს საკმარისი მაინც არ არის. ქალებს სჭირდებათ უფრო მეტად გაძლიერება პოლიტიკური, ეკონომიკური, ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ამ მიზნით, საკრებულოს წევრებმა დავაფუძნეთ პლატფორმა “ქალები გურიისთვის”. ვმუშაობთ ქალთა გაძლიერებაზე და პირველ რიგში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. როცა ქალი ეკონომიკურად ძლიერია, იცის მისი უფლებები, უფრო მეტად რეალიზებულია. “ქალები გურიისთვის” სათანამშრომლოდ ვიწვევთ იმ ქალებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა”.