ხვალ, იუსტიციის სახლთან საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება. საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან 19:00 საათზე დაიწყება. “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას:
„დაუყოვნებლივ გადადგეს თეა წულუკიანი და ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსესუსის შედეგად!“- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
აქციის საორგანიზაციო გვედზე ჩამოთვლილია ის მიზეზები, რომლის გამოც აუცილებელია, რომ თეა წულუკიანმა მინისტრის პოსტი დატოვოს:
„იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ გახორციელდა;
იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს;
იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ;
იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად;
თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან;
იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო;
თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი;
სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია;
წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე;
იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;
იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით“, _ ნათქვამია მიმართვაში.