საკალანდოდ, გურიაში ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მასპინძლობისთვის გაწეულ ხარჯებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს და თან ირონიულ კრიტიკასაც ურთავს ირაკლი მარშანიშვილი.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში მიღება-ჩაბარების აქტს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ 15 იანვარს, პრეზიდენტის გასამასპინძლებლად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2 800 ლარი გაიღო და სუფრა რესტორან „თავადურს“ შეუკვეთა.
„ლანჩხუთში სალომე ზურაბიშვილმა 15 იანვარს 2 800 (ორიათასრვაასი) ლარის ლობიო და ჭადი შეჭამა! პ.ს. პრასი ქონდა“, _ წერს ირაკლი მარშანიშვილი.
ლანჩხუთში რამდენიმესაათიანი სტუმრობისას სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მშენებარე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია მოინახულა, სადაც დახურულ კარს მიღმა საფეხბურთო სფეროს ადგილობრივ მესვეურებს, ნორჩ ფეხბურთელებსა და მათ მშობლებს შეხვდა, მერე კი სამკერვალო საწამო „ელსემაში“ გადაინაცვლა. გურიაში ვიზიტი კი ჯიხეთის მონასტრის მონახულებით დაასრულა. როგორც ირკვევა, სწორედ აქ გაიმართა პრეზიდენტის ტრაპეზობა, რაზეც ზემონახსენები ხარჯი გაიწია.
ირაკლი მარშანიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საკრებულოს სხვა წევრებიც ეხმაურებიან, მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენელი ელისო ჭიჭინაძე.
„უბრალოდ, სირცხვილია სტუმრის დახვედრა-გამასპინძლებაზე ასე ქილიკი, ლობიო ჭამა თუ მწვადი, რა მნიშვნელობა აქ, სალომეს გარდა უამრავი ადამიანი იქნებოდა იმ სუფრაზე, ალბათ. ეგეც გეცოდინებათ, რამდენ კაცზე იყო სუფრა.
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სტუმარს უსადილოდ უშვებდით?! ან ვინმე იმ დროს ასე თავისუფლად გააკრიტიკებდა მიშას სტუმრობაზე დახარჯულ ლარებს?!
აი, განსხვავება მეგობრებო, წინა და ამ ხელისუფლებას შორის _ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება“, _ წერს ელისო ჭიჭინაძე.
მმართველი გუნდის წევრ დეპუტატს ოპოზიციონერი კოლეგა ამირან გიგინეიშვილი ეხმაურება, რომელიც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს 2013-14 წლებში ხელმძღვანელობდა.
„ჯერ ერთი უამრავ ხალხს პრეზიდენტის სუფრასთან დაცვის პროტოკოლი არ უშვებს. მეორეც, ჩახედე ბიუჯეტში წლიურ წარმომადგენლობით ხარჯებს და ნახე ეს ერთი სუფრა წლის რამდენი პროცენტია. ისე, ეფექტური და ეფექტიანი კი გამოსულა.
თანამდებობაზე კი ქოცების დროს ვიყავი, მაგრამ მთელი წლის ხარჯი მხოლოდ სამი მაგ სუფრის ფასი იყო“, _ პასუხობს გიგინეიშვილი.
ირაკლი მარშანიშვილი კი, რა და როგორ იყო წინა ხელისუფლების დროს, ამ ამბის მოკითხვას ჭიჭინაძეს „გაქოცებულ ნაცებთან“ ურჩევს _ „ახლა რომ ქოცებია და ადრე ნაცები იყო, მაგენს ეცოდინება, მე არ ვიცი.
სტუმარს კი ღმერთმა გაუმარჯოს! სირცხვილი ისაა, სამარცხვინო პრეზიდენტს ამდენი რომ დაახარჯეს“.
პრეზიდენტის გასამასპინძლებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს რიგითი ლანჩხუთელებიც ეხმაურებიან.
„საკუთარი ფულით რომ დაპურებულიყო, ის იქნებოდა მართებული და იმ 2800 ლარად აგერ ჭინათის გზა მოხრეშილიყო ან ჯურუყვეთის, ან ჩიბათის ან, ან ან…
რავა პირში მისდევთ ამ ქალს, რა ქნას ახლა, ლობიეც აღარ ეჭამა, გამეიარა ჩვენი გულიზა 300 კილომეტრი. გაძვირდა ცხოვრება და გაამოთ, ჩემო პრეზიდენტო!“
ოპოზიციისვე გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის გასამასპინძლებლად ოზურგეთის ბიუჯეტმა 685 ლარით მეტი გაიღო და 3485 ლარის ღირებულების სუფრა გაუშალა ქვეყნის პრეზიდენტს.