27 აპრილიდან მარნეულის ცენტრალური ბაზარი გაიხსნება და მუნიციპალიტეტში მანქანით გადაადგილება განახლდება.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მიუხედავად ამ შეზღუდვების მოხსნისა, მარნეულისათვის კარანტინის მოხსნასა და გზების გახსნასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს.
„ორი მთავარი ამბავი გვაქვს, რომ 27-დან ბაზარი გაიხსნება და მუნიციპალიტეტში მანქანით გადაადგილება დაშვებული იქნება, დანარჩენი, როდესაც კარანტინთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება გეტყვით. ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით“ – განაცხადა ზაურ დარგალმა
დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი ქვეყანაში 6 ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპი 27 აპრილიდან იწყება. ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იქნება მანქანით გადაადგილება, გაიხსნება აგრარული ბაზრები, დაშვებული იქნება ონლაინვაჭრობა, ტაქსების ოპერირება და მიტანის მომსახურეობა ნებისმიერ პროდუქტზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის დაინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.
წყარო: რადიო მარნეული