საქართველოში ქალების 22% და კაცების 31% მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. ამის შესახებ გაეროს ახალი ეროვნული კვლევა იუწყება.
კვლევა 2017 წელს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის _ „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ _ ფარგლებში ჩატარდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 19%-სა და კაცების 9.6%-ს ერთი ნაცნობი მაინც ჰყავთ ოჯახებსა თუ სამეგობრო წრეში, რომელსაც გამოუცდია ოჯახში ძალადობა, ხოლო ქალების 9.8% და კაცების 4%-მა განაცხადა, რომ იცნობენ ძალადობის მსხვერპლს მათ სამსახურსა თუ სასწავლებელში.
გამართლებულია თუ არა ცოლის ცემა _ ამ კითხვით „გურია ნიუსმა“ თბილისის ქუჩებში მოქალაქეები შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხა.
როგორც ერთ-ერთი გამოკითხული რაფაელი ამბობს, საყვარელი ქალის ცემა მისთვის წარმოუდგენელია.
„ძალიან ძნელია ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ვერ ვხვდები, რატომ უნდა ცემო ქალი, თან ცოლი, რომელიც გიყვარს“, _ ამბობს რაფაელი.
მურთაზი კი რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა, ცოლის ცემას გამართლებულად მიიჩნევს.
„ცოლი თუ დააშავებს უნდა სცემო, რომ ჩადენილი დანაშაული აღარ გაიმეოროს. თუ მიღალატებს, ვცემ და დავშორდები“, _ ამბობს მურთაზი.
ნატა კულუას კი ვერ წარმოუდგენია კაცმა ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყას.
„ქმრის მიერ ცოლის ცემა ყველაზე ამაზრზენი მომენტია. კაცმა ქალს ხელი როგორ უნდა გააწნას“, _ ამბობს კულუა.
გივი ფოჩხუა კი მოძალადედ ყოფნას დაშორებას ამჯობინებს.
„ცოლის ცემა გაუმართლებელია. მოძალადედ ყოფნას დაშორება ჯობს“, _ამბობს ფოჩხუა.
ნათელა ბოლქვაძე კი „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ცემა ადამიანის უფლებების შელახვაა.
„ბევრი თვლის, რომ ქალი რადგან ცოლად მოიყვანა, მისი საკუთრებაა. ეს კი ასე არაა, რადგან ქალი პირველ რიგში ადამიანია, ადამიანი კი ნივთი არ არის, რომ ვინმეს საკუთრება იყოს. ცემა ადამიანის უფლებების შელახვაა“, _ამბობს ბოლქვაძე.