საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხდა, რომ საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი უმთავარესი პრობლემაა. ,,ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად, არ დაკარგონ სამსახური“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
,,მთავარი პრობლემა არის დასაქმება, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა, ფაქტობრივად, მოსახლეობის უმრავლესობის წინ დგას. აქ არ მინდა სტატისტიკურ დებატებში შესვლა, იმის თაობაზე რამდენი არის უმუშევარი და რამდენი _ დასაქმებული. მაშინ, როცა სტატისტიკა, მაგალითად, ასეთ განსაზღვრებას ეფუძნება, რომ წინა შვიდი დღის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ _ აი, ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარიო _ გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა და დღეს, ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად, არ დაკარგონ სამსახური“,_განაცხადა მარგველაშვილმა.