„გურია ნიუსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის ახალაშენებულ ბაღში არსებულ მდგომარეობას ასახავდა გამოხმაურება მოჰყვა.
შენობის დაზიანებული სახურავით, კედლებით და სხვა პრობლემებით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდა.
უწყების წარმომადგენლები ბუკისციხეში 12 ოქტომბერს იმყოფებოდნენ და ბაღში არსებულ სიტუაციას მშენებლებთან და კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ.
სამინისტროს თანამშრომლები საკმაოდ მკაცრები იყვნენ და საყვედურები არც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დაუკლიათ და არც მშენებლებისთვის:
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე ნახეს ის სიტუაცია, რომელზეც „გურია ნიუსი“ წერდა. თქვენი სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს „პრარაბიც“ მოვიდა და ხელოსნები მოიყვანა. თავიდან გაკეთდა თითქმის ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, მაქსიმალურად ეცადნენ გამოსწორებას.
მას შემდეგ წვიმა არ ყოფილა, მაგრამ გასინჯეს _ „შლანგით“ აიყვანეს სახურავზე წყალი და მოუშვეს დიდხანს, რაც კი შეიძლებოდა ყველა მხარეს, მაგრამ წყალი არ ჩამოსულა. კედლები ამოავსეს, „გაშპაკლეს“. საპირფარეშოში იყო პრობლემა, წყალი გამოდიოდა და გამოცვალეს ნაწილი, ახალი ჩასვეს, გაკეთდა _ წყალი აღარ გამოდის. კარი არ იკეტებოდა არცერთ ოთახში, ჩამოხსნეს და თავიდან გააკეთეს. ახლა იკეტება ჩვეულებრივად.
თქვენც წერდით, რომ სამზარეულო ოთახში იყო პრობლემა, ჭერი იყო ჩამოწეული და გვეშინოდა, გაამაგრეს, გააკეთეს და „დაშპაკლეს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბუკისციხის ბაღის გამგემ მზია შარაშიძემ.
მისივე თქმით, ხის „პლინტუსები“, რომლებიც კედელს დაცილებულია, თავიდანა გასაკეთებელი და ამის მოგვარების პირობაც მიიღეს.
„იატაკის პრობლემაცაა. შემოსასვლელში, სადაც უფრო მეტად მოძრაობდნენ მუშები არ სუფთავდება, ეტყობა გაშრობაც აკლდა და ჭუჭყს ტილოც არ იღებს,„ _ ამბობს შარაშიძე.
ბაღის გამგის თქმით, ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებამ ნოემბრიდან უნდა მიიღოს:
„ჩვენ ისეთი საბავშვო ბაღი გვქონდა, საშინელი, იქ ვიყავით და იქ გავძელით ამდენი ხანი. ახლა გვეღირსება, ალბათ, ახალ საბავშვო ბაღში მივიღოთ აღსაზრდელები. ასე თქვეს. ნოემბრის დასაწყისში უნდა იყოს და ასეც იქნება, მწამს“, _ ამბობს ბაღის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ უკისციხის საბავშვო ბაღის მშენებლობა გადასახადის გადამხდელებს 150 000 ლარი დაუჯდათ.
2017 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული #143 ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ბუკისციხის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჩოხატაურის იმდროინდელმა გამგებელმა და დღევანდელმა მერმა ირაკლი კუჭავამხელშეკრულება ი. მ. „ტრანსმშენს“ გაუფორმა.
ხელშეკრულებას შპს „ტრანსმშენის“ მხრიდან ვინმე გიორგი მეზურნიშვილი აწერს ხელს, რომელიც კომპანიის წარმომადგენელი და მინდობილი პირია.
კომპანიის ხელმძღვანელის მალხაზ არაბიძის თქმით, მეზურნიშვილი მასთან წლებია თანამშრომლობს და ის მისი ქვეკონტრაქტორი იყო _ მარტივად რომ ვთქვათ, „ტრანსმშენი“ მეზურნიშვილმა ტენდერის მოსაგებად გამოიყენა, რადგან ეს კომპანია ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც ტენდერის მოსაგებად იყო საჭირო.
გიორგი მეზურნიშვილი ამბობს, რომ სულ არ იცის სად არის სოფელი ბუკისციხე. მისივე თქმით, ის კომპანიის ხელმძღვანელის მინდობილი პირი იყო მხოლოდ და მშენებლობასთან შეხება არ აქვს.
თუმცა, საბოლოოდ ჩვენ შევძელით გაგვერკვია, რომ _ საბავშვო ბაღი ჩოხატაურელმა დავით ჯინჭარაძემ ააშენა, რომელიც 2012 -2013 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.
გავარკვიეთ ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 12 მარტს, დავით ჯინჭარაძის ყოფილმა კოლეგებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა ჩაიბარეს. აქტში აღნიშნულია, რომ „სამუშაოები მთლიანდ შესრულებულია და ხარვეზი არ არსებობს“. ერთადერთი დარღვევა, რაც მათ „აღმოაჩინეს“, ნაკისრი ვალდებულების მოწოდების 18-დღიანი გადაცილება იყო, რისთვისაც სამუშაოების შემსრულებელს პირგასამტეხლოს _ 156 ლარის და 90 თეთრის გადახდა დაევალა.
ვრცლად იხილეთ: “გასვენებაში ვარ და ვერ დაგელაპარაკებით” _ საეჭვოდ დახარჯული 150 000 ლარის დეტალები