„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრები ჭიხვარიების ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას ასახავდა ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ჭიხვარიების ოჯახს პირადად ესტუმრა და სურსათ-სანოვაგესთან ერთად, ოჯახს სოლიდური თანხა გადასცა. ჩვენი სტატიის გმირებს, ჭანუყვაძესთან ერთად პროდუქტებით და საჩუქრებით დატვირთული ესტუმრნენ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა მურადაშვილი მოადგილეებთან და ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზურა მუჯირიშვილი მოადგილესთან ერთად.
სტატიას გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, რომელმაც ჭიხვარიებს პროდუქტები შეუძინა; ოჯახს დახმარება გაუწია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
ჭიხვარიების ოჯახში მყოფმა ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნეს, რომ ისინი დახმარებას ბიუჯეტიდანაც მიიღებენ. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ჭიხვარიებს სამშენებლო მასალები გადაეცემა.
_ არ ვიცი რა უნდა ვთქვა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. სიხარულისგან საუბარიც მიჭირს. მადლობა ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით რისი თქმაც მინდა. ჩემს შვილებს და შვილიშვილებს საჭმელი აქვთ; უკვე წამლის ფულიც გვაქვს. „გურია ნიუსმა“ უკეთესი დღის იმედი გაგვიჩინა _ იმედი, იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, _ აღნიშნა ნანული ჭიხვარიამ.
სტატიას ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოჯახს ინახულებს და დახმარებასაც გაუწევს. ჩვენი რესპოდენტებისთვის სხვადასხვა საჭირო და ძვირადღირებული ნივთები შეიძინა პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა.
ჭიხვარიებს დახმარებას გაუწევს ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე.
სტატიის გმირებს თანხა უკვე გადაურიცხეს ნათია შათირიშვილმა; დავით ხარშილაძემ და ჯონი უჯმაჯურიძემ.
პროდუქტები და სხვადასხვა ნივთები მათთვის რამაზ უჯმაჯურიძემ და ნინო ლომჯარიამ შეიძინეს და უკვე აუტანეს.
ჭიხვარიების ოჯახს დახმარება გაუწია ბიზნესმენმა დათუნა ჟღენტმა, რომელიც მზადაა 4 შვილის მამა დაასაქმოს.
ამ ოჯახს “გურია ნიუსის” ერგული მკითხველი მარიანა ჩხაიძეც დაეხმარება, რომლიც „გურია ნიუსის“ რესპოდენტებს ხშირად უწევს მსგავსი ტიპის დახმარებას.
დახმარების სურვილი გამოთქვა ჩოხატაურის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ზვიად მამალაძემ და მისმა მეუღლემ თეონა მჭედლიშვილმა. ამ ოჯახისთვის თანხა გროვდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში; პატარებს საჭირო ნივთებით დაეხმარება სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთევან გიორგაძე; მათ სხვადასხვა ნივთებითა და პროდუქტებით დაეხმარება ბაღების გაერთიანების იურისტი ვარდო სიხარულიძე.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის _ გურია ნიუსს ბევრი ადამიანი უკავშირდება, რომლებსაც ამ ოჯახის დახმარების სურვილი აქვთ და მათ ვინაობას მოგვიანებით გაგაცნობთ.