ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის დავაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო კონკურსში გამოვლენილი გულგრილი დამოკიდებულება, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ფაქტი და თანხების უკან დაბრუნების უსაფუძვლობა დაადგინეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციამ 2015 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა საერთაშორისო კონკურსში: „EUROMATH – 2015“ საქართველოდან მოსწავლეების მონაწილეობის დაფინანსება. სამინისტრომ ასოციაციას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. სამინისტროს უარის შემდგომ ასოციაციის პრეზიდენტმა დაფინანსების მიღებაზე წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2013-2015 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერის 2015 წლის 19 მარტის ბრძანებით, ასოციაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ხოლო ხელშემკვრელ მხარედ განისაზღვრა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. იქედან გამომდინარე, რომ საერთასორისო კონკურსი იმართებოდა 2015 წლის 25 მარტს, საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში – ათენში, რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო, სამინისტროს მხრიდან ასოციაციის მიმართ გამოყოფილი თანხების ჩარიცხვა განხორციელდა ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე. კერძოდ, 24 მარტის 10:00 საათზე სამინისტრომ თანხები დაურიცხა ასოციაციას, რომლის ასახვაც მოხდა 15:00 საათის მდგომარეობით, ხოლო ქართველი მონაწილეების უცხოეთში გამგზავრება უნდა მოხმდარიყო ამავე დღის ღამის საათებში. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში, სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების გამო, ეჭქვეშ დადგა ქართული დელეგაციის საერთაშორისო კონკურსზე გამგზვრება. განათლების სამინისტრომ ასოციაციის მიმართ სარჩელი იმ თანხების დაბრუნების მოთხოვნით მიმართა, რომელიც კონკურსში გასამგზავრებლად, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის, ფორსირებულად გადაიხადა ასოციაციამ, ხოლო სამინისტრომ ამ ნაწილში გახარჯული თანხები მიიჩნია არამიზნობრივად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულია, რომ „საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვა მოხდა გამგზავრების დღეს – 2015 წლის 24 მარტს და ასოციაციას ჰქონდა რამოდენიმე საათი იმისათვის, რომ მოეწესრიგებინა სხვადსხვა სახის საორგანიზაციო საკითხები, როგორიცაა 14 ბავშვის გამგზავრება საზღვარგარეთ, მათ შორის განეხორციელებინა ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა და სავიზო მომსახურება და ა.შ., რისთვისაც საჭიროა დროის გარკვეული პერიოდი და როდესაც სამინისტროსთვის ცნობილი იყო ღონისძიების გამართვის თარიღი – 2015 წლის 25 მარტი და თანხის გადარიცხვას ახორციელებს წინა, გამგზავრების დღეს – 24 მარტს, მისთვის კი ცნობილია, რომ თანხის გადარიცხვის შემდგომ მოსაწესრიგებელია მთელი რიგი ღონისძიებები, ამ პირობებში, ასოციაციისთვის მიცემული დრო არასაკმარისია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ჩარიცხვა ვერ განიხილება წინასწარ ანაზღაურებად. თანხის 2015 წლის 24 მარტს დარიცხვის გამო დამატებით საჭირო გახდა სასყიდლიანი სავიზო მომსახურების მიღება, რამაც გამოიწვია ხარჯის გაზრდა – 1224.21 ლარით, რაც ასოციაციისთვის ბრალეულ ქმედებად ვერ განიხილება და მითითებული თანხა წარმოადგენს დანართით გაუთვალისწინებელ მიზნობრივ ხარჯს. ამასთან, დადგენილია შემდეგი გაუთვალისწინებელი მიზნობრივი ხარჯის არსებობაც. როგორიცაა: თარჯიმნის მომსახურება 627.50 ლარის ოდენობით, საკომისიოს ხარჯი 200.47 ლარის ოდენობით, ტრასპორტირების ხარჯი – 770 ლარის ოდენობით, ინტერნეტით სარგებლობის ხარჯი – 99.94 ლარის ოდენობით, დაზღვევის ხარჯი – 100.65 ლარის ოდენობით, კონვერტაციის გამო ხარჯი – 88 ლარის ოდენობით, მითითებული ხარჯის გაზრდა – ასევე ვერ განიხილება ასოციაციის ბრალეულ ქმედებად და მითითებული თანხაც წარმოადგენს გაუთვალისწინებელ მიზნობრივ ხარჯს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული თანხების ნაწილში გაღებული ხარჯი ასოციაციის მიერ მიზნობრივად არის გახარჯული და არ ექვემდებარება დაბრუნებას, რამდენადაც, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ათენში 2015 წლის 25 – 30 მარტს საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება, რისთვისაც ასოციაციის მიერ 33 275 ლარიდან გახარჯულია 28 377 ლარი, ამდენად ასოციაციის მიერ დამატებით გაწეული ხარჯი, სადავო – 2236 ლარი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ ხარჯს და არა არამიზნობრივ ხარჯს, რამდენადაც, ფაქტობრივი დანახარჯი არ გასდენია და მოემსახურა ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული არამიზნობრივ ხარჯად და არ ექვემდებარება დაბრუნებას“.
ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის მიმართ სასამართლოში სარჩელი 2016 წლის 24 თებერვალს შეიტანა. ასოციაცია სამინისტროს მხოლოდ 5241,75 ლარს გადაუხდის, რაც პროექტის აუთვისებელ თანხას წარმოადგენს. ასოციაცია აუთვისებელი თანხის სამინისტროს მიმართ დაბრუნებაზე თანხმობას სარჩელის აღძვრამდე და დავის პროცესშიც აცხადებდა. სამინისტრო არც „ახალგაზრდა ადვოკატების“ წერილობით მიმართვებს დაყრდნობია, რომლითაც დავის მორიგებით დასრულების წინადადება იქნა შეთავაზებული.
საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი რუსლან ალექსიძე იცავდა.