საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს ქართველი ხალხი მექანიკურად ზეიმობს. ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ მომავალში ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა უფრო შინაარსიან ჭრილში მოხდება.
,,სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მქონდა იმისა, რომ სწორედ 100 წლისთავი გახდებოდა საფუძველი ამ დღის მნიშვნელობის რეალური გააზრებისა. გამომდინარე აქედან, განცდა მიჩნდება, რომ ჩვენ პირველი რესპუბლიკის და ზოგადად, 26 მაისს ვზეიმობთ მექანიკურად ყოველგვარი შინაარსის გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის ამ თარიღის განხილვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების, ომის, ოკუპაციის ჭრილში აუფასურებს იმ შინაარსს და მნიშვნელობას, რაც პირველ სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პერიოდს თან ახლდა, იმიტომ, რომ ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მთავრობა. გამომდინარე იქედან, რომ ის რეფორმები, რომლებსაც დღეს ვახორციელებთ, ევროკავშირის მეთვალყურეობით და ევოროკავშირთან დაახლოების ეგიდით სწორედ 1918-21 წლებში ჩაეყარა საფუძველი, ეს არის უნივერსალური არჩევანის უფლება, ეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, ეს არის , როგორც სამოქალაქო უფლებები, ისე სოციალური უფლებები, შრომის კოდექსი, ქალთ მონაწილეობა არჩევნებში, უფასო განათლება და უფასო ჯანდაცვა, ეს არის ის ღირებულებები, რომლისკენაც დღეს მივისწრაფვით, მიუხედავად იმისა, რომ ამას 1918-21 წლებში ჩაეყარა საფუძველი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომავალი აღნიშვნა ამ დიდი თარიღის იქნება უფრო შინაარსით დახუნძლული და მოხდება იმ სამი წლის გააზრება, რადგან, რა თქმა უნდა, იყო იმ სამი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები, იყო ძალიან ბევრი წარმატებებიც, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რასაც სტალინისტური რეჟიმი აგრძელებდა, როდესაც ჩქმალავდა იმ მიღწევებს, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას გააჩნდა“,_განაცხადა ნაცვლიშილმა.