მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიო „პოსტანტიბიოტიკების ერას“ უახლოვდება. მათ უკვე აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელმაც ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკისადმი – კოლისტინისადმი რეზისტენტობა გამოიმუშავა. ამ ანტიბიოტიკს უკანასკნელ საშუალებასაც ეძახიან, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც მკურნალობა სხვა წამლებს აღარ ექვემდებარება.
კოლისტინის რეზისტენტული ბაქტერია ჩინეთში ღორების ფერმაში აღმოაჩინეს, სადაც სავარაუდოდ ანტიბიოტიკი ჭარბად გამოიყენეს. მეცნიერების თქმით, ბაქტერია თუ ყველანაირი ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული გახდება – ანუ მოხდება ის რასაც მეცნიერები „ანტიბიოტიკის აპოკალიფსს“ ეძახიან _ მედიცინა ბნელ საუკუნეებში დაბრუნდება.
შედეგად, გავრცელებული ინფექციები, რომლებიც ახლა უპრობლემოდ იკურნება, შესაძლოა, განუკურნებელი გახდეს. ამასთან ქირურგიული და კიბოსთან დაკავშირებული ოპერაციები, რომლებიც ანტიბიოტიკებზეა დამოკიდებული, საფრთხის ქვეშ დადგება.
კოლისტინისადმი რეზისტენტული ბაქტერია MCR-1 ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ბაქტერია რეზისტენტული აღმოჩნდა ანტიბიოტიკისადმი ცხოველთა მეხუთედში, უმი ხორცის 15%-ში და 16 პაციენტში. ასევე, რეზისტენტულობა სხვა ბაქტერიებშიც გავრცელდა _ მათ შორისო E.coli, Klebsiella pneumonia და Pseudomonas aeruginosa.
ასევე, არსებობს ნიშნები, რომ რეზისტენტულობა ლაოსში და მალაიზიაში გავრცელდა.
„ყველა მთავარი „მოთამაშე“, რომელიც საჭიროა პოსტანტიბიოტიკების სამყაროს რეალობაში მოსაყვანად, ადგილზეა. MCR-1-ს გავრცელება, რაც დროის ამბავია, და მისი გენების სხვა რეზისტენტულ გენებთან დაწყვილება, რაც გარდაუვალია, ნიშნავს პოსტანტიბიოტიკების ეპოქის დაწყებას. ამ ეპოქაში კი, თუ პაციენტი სერიოზულად დაავადებულია, მაგალითად E.coli-ის ბაქტერიით, ვერაფერს უშველი“, – განაცხადა კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმოთი უოლშმა.
მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი რეზისტენტული გენი ფართოდ გავრცელდება, რაც საბოლოოდ. მოგვცემს ბაქტერიას, რომელიც ყველა სახის მკურნალობისადმი იქნება რეზისტენტული.
აღსანიშნავია, რომ მუშავდება ახალი წამლები, როგორიცაა ტეიქსობაქტინი, რომელმაც შესაძლოა აპოკალიფსი გადაავადოს, თუმცა ის, ჯერჯერობით, არ არის მზად მედიცინაში გამოყენებისთვის.