“დაახლოებით, 9-10 მანქანა იყო და 50 სამართალდამცავი, ჯავშანჟილეტებით, იარაღებით, გეგონება ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში”, _ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების დეტალებზე ისაუბრა “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გურამ ჩალაგაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
ჩალაგაშვილის თქმით, ის ოქრუაშვილთან და პარტიის კიდევ ერთ ლიდერთან ერთად კოტე კემულარიასთან მიდიოდნენ, როდესაც მათი მანქანა გააჩერა პოლიციამ, ოქრუაშვილს ბრალი გააცნო და ხელბორკილები დაადეს.
„ჩემს მანქანაში ჩაჯდა ირაკლი უკანა სავარძელზე. დიღომში აღმაშენებლის ხეივანზე, კერძო დასახლებებისკენ რომ ჩავუხვიეთ, უცებ მომადგა ერთი შავი ჯიპი გვერდიდან, ჩართეს სირენები, მანქანა ისე ჩამიყენეს, რომ მანქანის გაჩერება ძლივს მოვახერხე. დაახლოებით 9-10 მანქანა იყო და 50 სამართალდამცავი, ჯავშანჟილეტებით, იარაღებით, გეგონება ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში. ირაკლი მიხვდა მაშინვე, რაც ხდებოდა. გავაჩერეთ მანქანა და გადმოვედით ყველა. ამის შემდეგ მას წაუკითხეს ბრალი, დაადეს ხელბორკილები, გააფორმეს ოქმი და დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ დასხდნენ და წავიდნენ ორთაჭალის მიმართულებით, შსს-ში. არაფერი უთქვამს თვითონ ირაკლის, ის იყო მხნედ და საკმაოდ კარგ ხასიათზე. არაფრის თქმის უფლება არ მისცეს და წაიყვანეს ისე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში“, _ განაცხადა ჩალაგაშვილმა.