თბილისის ,,ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე თბილისის კლუბებში გახორციელებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ,,ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. ამ მოცემულობაში, ცხადია, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია“,_წერს გვარჯალაძე.
,,ის, რაც მოხდა და რასაც მთელი ღამის მანძილზე თვალს ვადევნებდი ადგილზე, აბსოლუტურად გაუგებარი და დამაზიანებელი მიმაჩნია თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, ადამიანებისთვის, რომლებიც საცეკვაოდ მივიდნენ პარასკევ ღამეს კლუბებში და მთელი ღამე ან პოლიციაში ან ქუჩაში პროტესტში გაატარეს. ასევე, ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. თუ სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები, ამ 8 ადამიანის დაკავება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იყო შესაძლებელი ისე, რომ ასეთი მღელვარება არ გამოეწვია ამ პროცესს. დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ.
სამწუხაროდ, მე დღესაც არ მაქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწარფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მოცემულობაში, ცხადია, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ“,_წერს გვარჯალაძე.