ალბათ, არც ერთ სამედიცინო მიმართულებას არ გამოუწვევია ისეთი აჟიოტაჟი ბოლო პერიოდში, როგორც ღეროვანი უჯრედების კვლევას. ერთის მხრივ, ღეროვანი უჯრედები განიხილება პოტენციურ რევოლუციად მედიცინაში, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაზიანებული ან დაავადებული ორგანოების აღდგენა და მთლიანად ორგანიზმის გაახალგაზრდავებაც კი. მეორეს მხრივ, არსებობს სერიოზული ეთიკური პრობლემები, დაკავშირებული ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან.
ღეროვანი უჯრედი არის არასპეციალიზებული უჯრედი, რომელსაც ახასიათებს ორი ბაზისური უნარი: დიფერენცირება სხვა უჯრედად და თვით-რეგენერაცია.
დიფერენცირების უნარი ნიშნავს ღეროვანი უჯრედის შესაძლებლობას გარდაიქმნას სხვა ტიპის უჯრედად და შეასრულოს სპეციფიური ფუნქცია ორგანიზმში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი – ზიგოტა წარმოადგენს სუპერ ღეროვან უჯრედს, საიდანაც საბოლოო ჯამში წარმოიშობა ორგანიზმის ყველა უჯრედი.
ორგანიზმის განვითარება – ერთი უჯრედიდან წარმოქმნილი ორგანიზმის განვითარების ყველა სტადიაზე ახალი ფუნქციონალური უჯრედების, შესაბამისი ქსოვილების და ორგანოების წარმოშობა შეუძლებელი იქნებოდა ღეროვანი უჯრედების გარეშე.
ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისას მუდმივად ხდება ქსოვილების შემადგენელი უჯრედების კვდომა და ახლის წარმოქმნა. მაგრამ ჩვეულებრივ, მაგალითად კუნთოვანი ქსოვილის შემადგენელ უჯრედს არ აქვს თვით-რეგენერაციის უნარი. რომ არ არსებობდეს ღეროვანი უჯრედები, ვერ მოხდებოდა ქსოვილების რეგენერაცია და მკვდარი უჯრედების ჩანაცვლება ახლით, რაც საბოლოოდ ორგანიზმის სიკვდილს გამოიწვევდა.
სამწუხაროდ, ღეროვან უჯრედებს უარყოფითი როლიც აკისრიათ – სიმსივნის განვითარება, რაც არსებითად ნიშნავს გადაგვარებული უჯრედების არაკონტროლირებად გამრავლებას ორგანიზმში, მათი მონაწილეობით ხდება. თუმცა ეს დამატებითი შესაძლებლობაცაა ამ დაავადების მკურნალობის გზების მოსაძიებლად.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები სხვადასხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიღებულია შედეგები ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებები.
შორეულ მომავალში ღეროვანი უჯრედების თერაპია შეიძლება გახდეს წამყვანი მეთოდი ყველა სახის დეგენერაციული დაავადების და ტრავმების მკურნალობაში. დიდი პერსპექტივა აქვს მეთოდის გამოყენებას კოსმეტიკური და პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებითაც.