ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.
„როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება. კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ასე რომ, ეს პროცესი წავიდა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე შეეხო შსს-ში დაწყებულ მოწმეთა გამოკითხვის პროცესს.
„ორი დღის წინ შსს-ს მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდით სახალხო დამცველს, რომელმაც მოგვაწოდა ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს და შსს-მ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობის და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით, ასე რომ ეს პროცესიც წასულია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა.
„როგორც მოგახსენეთ, ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმლუარი ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. როგორც შევპირდით საზოგადოებას, მაქსიმალურად ფართო იქნება ეს კონსულტაციები და ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც შერჩეული იქნება, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. მ
ხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც უკვე მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, პარლამენტს გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა, ამის შემდეგ დადგება პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი. რაც შეეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში, არის პასუხის გაცემის ფორმატები, არის ის ფორმატები, რომელიც ახლა მოგახსენეთ და ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, მაგრამ ასევე ჩვენ ვიზრუნებთ, რომ იყოს ქვეყანაში სტაბილურობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
1tv.ge