საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში დაღუპული მაღაროელების ოჯახებს უსამძიმრებს. სამძიმრის წერილი პრემიერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
პრემიერის თქმით, გადარჩენილი მაღაროელების ჯანმრთელობისთვის მაქსიმუმი კეთდება.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის”, – წერს პრემიერი.
ტყიბულში, მინდელის შახტაში ტრაგედია დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა დიმიტრი ქუმსიშვილი. დაშავებული მუშეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.