საპენსიო სააგენტოს დირექტორმა პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა საპენსიო რეფორმის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაზე. ლევან სურგულაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში პირველად შეიქმნება კაპიტალის ბაზა, კომპანიები კი დაიწყებენ გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებას. რაც შეეხება საინვესტიციო თანხებს, საპენსიო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, კანონის თანახმად, ინვესტიციები განხორციელდება ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ობლიგაციებში. ,,საქართველოში უკვე არის, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ობლიგაციები.
ასეთ ობლიგაციებს უშვებენ კერძო კომპანიებიც, არის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებიც და არის ასევე საბანკო ინსტრუმენტები, როგორიც არის სადეპოზიტო სერტიფიკატები. იმისათვის რომ ჩვენ, დავიწყოთ მათი განთავსება ამ ინსტრუმენტებში, საჭიროა რომ საინვესტიციო საბჭომ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა შეიმუშაონ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც შემდგომ პროცედურულად, მის კანონთან შესაბამისობას ამოწმებს ეროვნული ბანკი და შემდგომ ამტკიცებს დირექტორი. ასეთი დოკუმენტი შექმნილი არის ფულის მსგავსი ინსტრუმენტებისთვის, ასე დავარქვით და ეს წარდგენილია ეროვნულ ბანკში. როგორც კი ის დაგვიბრუნებს ამ დოკუმენტს, დირექტორი დაამტკიცებს მას და ჩვენ მაშინვე ამ თანხებს განვათავსებთ სადეპოზიტო სერტიფიკატებზე, სადაც ველოდებით 12/13 პროცენტს წლიურ ამონაგებს.” (R)