რა გახდა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი _ ივანიშვილთან პირადი უთანხმოება თუ ვალდებულებები, რომელთა შესრულებას ყოფილმა პრემიერმა თავი ვერ გაართვა?
გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე ,,ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ.
სხდომის შესახებ, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილის მომავალი განსაზღვრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერის გადადგომის საკითხი დააყენა. კვირიკაშვილი ივანიშვილს არ დაეთანხმა და გადადგომა იმ შემთხვევაში მოინდომა, თუ გუნდი მოისურვებდა. მაშინ კვირიკაშვილი მხოლოდ ორმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ დაიცვა. დაპირისპირებულ მხარეებს კი თბილისი მერი, კახა კალაძე აშველებდა.
დახურული სხდომის დეტალების შესახებ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა.
პოლიტიკის ექსპერტის, ვაჟა ბერიძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკოსად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ამიტომ ყოფილი პრემიერის წასვლაც ივანიშვილზე იყო დამოკიდებული. მისი თქმით, იმ თეატრში, სადაც მარიონეტები თამაშობენ, კვირიკაშვილი იქნება თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
,,თუ შენ არ ხარ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და გავლენიანი მილიარდერის პოლიტიკოსის ხელდასმით მოვლენილი, შენი მოსვლაც ივანიშვილზეა დამოკიდებული და წასვლაც. როდესაც ორი წელი პრემიერ-მინისტრი ხარ და ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდი, რა პრეტენზია უნდა გქონდეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ კარიერაზე. ამ მარიონეტების თეატრში კვირიკაშვილი იქნება თუ სხვა პრემიერი, რა მნიშვნელობა აქვს. კვირიკაშვილი ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკოსად და მანვე მიიღო გადაწყვეტილება გაეშვა თანამდებობიდან, რაც გასაკვირი არ არის”, _გვითხრა ბერიძემ.
,,მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, _ასე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილის გადადგომას.
პარტიის ლიდერმა ყოფილი პრემიერი სახელმწიფოსა და ბიზნესს ინტერესების ბალანსის რღვევაში დაადანაშაულა.
,,ბევრმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი, სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის მას არ დარჩა არჩევანი და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. მას აღარ შეეძლო მართვა, ორ კაცთან ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას“, _აღნიშნა ივანიშვილმა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად ტელეეკრანებთან არ გამოჩენილა.
,,მე წავედი პოლიტიკიდან, არაერთხელ განვაცხადე ამის შესახებ“, _ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ამ სიტყვების გარდა კვირიკაშვილს, საზოგადოებაში არსებული უამრავი შეკითხვის მიუხედავად, არაფერი განუცხადებია.