სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის _ CDI-ს ინფორმაციით, “გურია ნიუსი“ ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს იცავს“.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგისას გამოვლენილი პრობლემები და მათი გამოსწორების გზები”, _ ამ თემაზე რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, 10 -11 აპრილს, ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში – “2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების“ შესახებ მედიამონიტორინგი მიმდინარეობდა.
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.
რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სწორედ ამ მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს.
მონიტორინგი როგორც ონლაინ და ბეჭდურ, ასევე, სატელევიზიო არხებისა და თოქ-შოუებს უტარდებოდათ.
ამ შედეგების მიხედვით კი, “გურია ნიუსი“ ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს იცავს“.
“მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “გურია ნიუსში“ მცირედით ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდის, ხოლო უარყოფითი ტონის მაჩვენებლები საპარლამენტო ოპოზიციისა და ექს–პრეზიდენტის გაშუქებისას. თუმცა, აღნიშნული კრიტიკა გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. გაზეთში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.
ამასთანავე, გაზეთში ხშირად გვხვდებოდა ფასიანი, სარეკლამო სტატიები. “გურია ნიუსში“ ყველაზე აქტიურად “ქართული ოცნება“-21 %, ადგილობრივი ხელისუფლება -15 % და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 10 % გაშუქდა“, _ აღნიშნულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ცნობისთვის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მედიამონიტორინგი 2016 წლის 20 მაისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა.
კვლევა 7 გამოცემაზე – “რეზონანსი“ “ ახალი თაობა“, ასავალ – დასავალი“, “ალია“, “გურია news“ , “ქრონიკა +“ და „კვირის პალიტრაზე“ ტარდებოდა.
ამავე კვლევის მიხედვით, ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევები არ გამოვლენილა.