„გურია ნიუსში“ გამოქვეყნებილი სტატიის _ „სანამ ხარვეზები არ გამოსწორდება, ობიექტი არ ჩაბარდება“ საპასუხოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ აღნიშნული სტატია შეიცავს რამდენიმე უზუსტობას.
„ნურავინ შეგვედავება, რომ კერძო მესაკუთრის ეზოში ჩასასვლელი ჭიშკრის რეკონსტრუქცია თავად მესაკუთრის მიერაა მოსაწესრიგებელი“, _ რჩევას იძლევა გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
არადა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ მოქალაქის კუთვნილი ჭიშკარი გაცილებით დაბლა მდებარეობს, ვიდრე სანიაღვრე არხზე გადებული მილხიდი. აბსურდი იქნება ამტკიცო, ჭიშკარი თავის დროზე მოქალაქემ ისე დაამონტაჟა, რომ მისი გაღება არ შეეძლო. ეს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდა. არა გვგონია, მართებული იყოს, მოქალაქემ სხვის მიერ დაშვებული ხარვეზის გამო, თანხა თავად დახარჯოს.
„აღნიშნულ ქუჩაზე მოსაწყობია აგრეთვე სანიაღვრე არხებსა და ეზოებს შორის არსებული ტერიტორია. რაც შეეხება გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო ნარჩენებს, ეს თავად მოსახლეობის მიერ იქნა გადმოტანილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია შედის ქალაქის კეთილმოწყობის პროექტში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს“, _ ვკითხულობთ გამგეობის განცხადებაში.
ნარჩენები, რომელზეც გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, სამუშაოების დაწყებამდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებთან ეყარა, რომელიც შემდეგ სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ აიღო და, მოსახლეობის თქმით, მოქალქის ღობესთან დაყარა, რათა ხელი არ შეშლოდა გზის დაგებაში, ამდენად, აბსურდია ინფორმაცია, თითქოს გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო მასალის ნარჩენები მოსახლეობამ გამოიტანა. რაც შეეხება სურათზე დაფიქსირებულ სამშენებლო მასალების ნარჩენებს, რომელიც დღესაც ადგილზეა, იგი მოქალაქემ სანიღვრე არხიდან ამოიღო და გზის სავალ ნაწილზე დაყარა, ნაწილი _ თავად გაიტანა ტერიტორიიდან და გადაყარა.
არავინ ამბობს, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებლები კარგად მოიქცნენ, სამშენებლო მასალის ნარჩენები პირდაპირ სადარბაზოსთან რომ დაყარეს. თუმცა, არც იმის მტკიცება ვარგა, რომ მართებულია ნაგავი ერთი ადგილიდან აიღო და სხვას მიუყარო.
რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია შედის ქალაქის კეთილმოწყობის პროექტში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს, წესით ეს მთლიანი პროექტი უნდა დასრულდეს და ჩაბარდეს ოქტომბერში, თუმცა, ამ კონკრეტულ უბანზე ალბათ, ყველა სახის სამუშაოები დასრულებული და ჩასაბარებლად გამზადებული უნდა იყოს. და არა ისე, იანვარში გზა დაიგოს და მოსახლეობას ეუბნებოდეთ, არხებსა და ეზოებს შორის მანძილს ოქტომბრისთვის მოგიწესრიგებთო!
მნიშვნელოვანია, რომ ლანჩხუთის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე ჩვენი მედიასაშუალების, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად მოხსენიება, ბოლო პერიოდში „წესად“ იქცა. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჯერადაც „გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული წერილი არ შეიცავს არავითარ უზუსტობას და მასში ორივე მხარის პოზიციაა დაფიქსირებული.