დღეს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შედეგები გახდა ცნობილი.
აღნიშნული მედიამონიტორინგი 19 ივნისს დაიწყო და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას მოიცავდა.
_ „გურია ნიუსში“ ყველაზე აქტიურად „ქართული ოცნების“ (31%), ადგილობრივი მთავრობის (21%) და მთავრობის (13%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. დადებითი ტონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი კი პრემიერ-მინისტრს (59%) ერგო.
„გურია ნიუსი“ საკმაოდ აქტიურად აშუქებდა, როგორც რეგიონის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს, _ ნათქვამია კვლევაში.
როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედია მკვლევარმა, ზურაბ წურწუმიამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გაზეთში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.
_ „გურია ნიუსში“ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან კარგად იყო გამიჯნული სარეკლამო მასალები სარედაქციო მასალებისგან, რაც სხვა გაზეთებზე არ ითქმევა. დაბალანსებულად შუქდებოდა წინასაარჩევნო კამპანია 2 თუ 3 პოლიტიკური ძალისა, რომლებიც აქტიურობდნენ იმ პერიოდში. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მედია არ სვამს კრიტიკულ კითხვებს. იყო შეხვედრები მერობის კანდიდატებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, თუმცა, კითხვები იყო ისეთი სახის, რომ პოლიტიკურ ძალებსა თუ კანდიდატებს ეძლეოდათ საშუალება, მიემართათ ამომრჩევლებისთვის და თავიანთი პროგრამები ხმამაღლა გაეცხადებინათ. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ჟურნალისტი არ სვამს კრიტიკულ კითხვას, როცა პოლიტიკური ძალები აქტიურობენ წინა საარჩევნო პერიოდში. ის ძალები იყვნენ აქტიურები, რომლებიც ან ახლა არიან ხელისუფლებაში, ან აქამდე იყვნენ და, ბუნებრივია, საზოგადოებას აქვს არაერთი კითხვა მათ გაკეთებულ საქმეებზე თუ ახლა მიმდინარე პროექტებზე. ის ძალები იყვნენ აქტიურები, რომლებიც ან ახლა არიან ხელისუფლებაში ან აქამდე იყვნენ და, ბუნებრივია, საზოგადოებას აქვს არაერთი კითხვა მათ გაკეთებულ საქმეებზე თუ ახლა მიმდინარე პროექტებზე“, _ ამბობს წურწუმია.
მისივე თქმით, სტატიები, რომლებიც „გურია ნიუსში“ იბეჭდებოდა, არ იყო სუბიექტური და მიკერძოებული.
„ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი პრობლემა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახის ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა იყო „გურია ნიუსში“. სტატიები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს ეხებოდა, არ იყო სუბიექტური და მიკერძოებული. სტატიებში არ ჩანს ჟურნალისტის პოზიცია და ეს ძალიან დასაფასებელი არის გაზეთისთვის“, _ ამბობს წურწუმია.
აღნიშნული ანგარიში მომზადებული და გამოცემულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მისი შინაარსის აღქმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად დაუშვებელია.