საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი პროექტი გასულ კვირას დაანონსა. პროექტს ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად იწყებს. მინისტრის თქმით, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად გამოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ასი ობიექტი. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, მინისტრის თქმით, 150 მლნ ლარია.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზაციო ობიექტი გამოდის აუქციონებზე. ქონების რეგისტრაცია და საზღვრების დაზუსტება წინასწარ მოგვარებულია. ერთადერთი, რაც ბიზნესმა უნდა გააკეთოს, ისაა, რომ შეარჩიოს ობიექტები ამ სიიდან და მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში, რომელიც მუდმივად გაიმართება მომდევნო თვეების განმავლობაში“, _ განაცხადა მინისტრმა.
ქონების მართვის სააგენტოს საიტზე უკვე განთავსდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც აუქციონზე გაიტანენ.
100 ობიექტიდან გურიაში 9 ობიექტის აშენება იგეგმება:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, სოფელ ძიმითში და ქალაქ ოზურგეთში (ჯორჯიაშვილის ქუჩაზე), უნდა აშენდეს სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმება;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი უნდა აშენდეს სტალინის ქუჩაზე, სოფელ ჩიბათში და სოფელ ჯურუყვეთში, ხოლო ნიკო მუსხელიშვილი ქუჩა #15-ში დაგეგმილია სამრეწველო/საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების აშენება.
სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, გურიის რომელ მუნიციპალიტეტში რა ოდენობის და რა სახის ობიექტი გაიყიდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: სოფელი ნატანები, ფართობი _ 9 086 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 146 816 ლარი; სოფელი ძიმითი, ფართობი _ 9 402 კვ.მ. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 53 795; ქალაქი ოზურგეთი, ჯორჯიაშვილის ქუჩა, ფართობი _ 20 923 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 146 968 ლარი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: კურორტი ბახმარო, ფართობი _ 12 588კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 2 537 400 ლარი.0
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი, ფართობი _ 18 371 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 1 106 700 ლარი; ლანჩხუთი, სტალინის ქუჩა 21, ფართობი _ 4 534 კვ.მ, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 68 000 ლარი; ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა #15, ფართობი _ 5 746 კვ.მ., აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 133 000 ლარი; სოფელი ჩიბათი, ფართობი _ 1 128 კვ.მ., აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 76 700 ლარი; სოფელი ჯურუყვეთი, ფართობი _ 15 905 კვ.მ. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი _ 63 600 ლარი
სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე ამ ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება და წერს:
“მთავრობის მიერ პრივატიზაციისთვის გამოტანილ 100 ობიექტს შორის 9 არის გურიაში. რეალურად, თითქმის ყველა ეს „ობიექტი“, ორიოდე გამონაკლისის გარდა, არის მიწის ნაკვეთი სრულიად ან ნახევრად დანგრეული შენობით, მოუწყობელი ინფრასტრუქტურით, მივარდნილ ადგილებში, სადაც არავითარი ეკონომიკური აქტივობა ან ინტერესი არ არსებობს.
იყიდება კიდეც კაპიკებად. მაგალითად, ნატანებში გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთი (შეკვეთილიდან 3 კმ.) კვადრატული მეტრი 16 ლარად იყიდება, ქ. ოზურგეთში კვადრატული მეტრი _ 7 ლარად. ასევე, ძალიან დაბალ ფასად იყიდება ის ნაკვეთებიც, სადაც შესაძლოა დავუშვათ, რომ შედარებით მაღალი ინტერესი არსებობდეს ამ ობიექტებზე ინვესტიციის ჩადებისა, მაგ. ლანჩხუთში მშენებარე მაგისტრალის მიმდებარედ კვადრატული მეტრი 60 ლარად. ბახმაროში, იქ სადაც კერძო მესაკუთრეები კვადრატულს 170-200 დოლარად აფასებენ _ კვადრატული მეტრი 200 ლარად.
საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო, ცხადია, მიწის ნაკვეთების მომვლელი და გამომყენებელი ვერ არის, მაგრამ არც მათ გაყიდვას ექნება რაიმე შედეგი, გარდა საჯარო რეესტრში მესაკუთრის გრაფის ცვლილებისა და მომავალ მთავრობებს მაინც დარჩენოდა ეს მიწები უკეთ განსაკარგად“, _ წერს გრიგოლ მახარაძე.
სამოქალაქო აქტივისტი ოთარ რევიშვილი ამბობს, რომ ის ზოგადად პრივატიზაციას ემხრობა და სახელმწიფო ქონება უნდა გაიყიდოს:
“ქონება უნდა გაიყიდოს და ინვესტორები მოიძებნოს. ოღონდ პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემოში“.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა “გურია ნიუსთან“ კომენტარის დროს პროექტს დადებითად აფასებს:
“უპრეცედენტო პრივატიზაციის წამოწყებას რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შედგენა მთლიანად სახელმწიფოს, ანუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეროგატივაა. ამ კონტექსტში განიხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ბახმაროში“, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალე იქნება აუქციონის პროცესი, ირაკლი კუჭავა გვპასუხობს:
“დარწმუნებული ვარ, პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის ტენდენციას“.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეს პროექტი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება:
“ეს წინა საარჩევნო პიარია. სად იყვნენ 8 წელი? ერთი სერიოზული ან მეტნაკლებად სერიოზული ინვესტიცია განახორციელეს ლანჩხუთში? ამ ქვეყანაში მუშაობს მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოებული ფირმები და პირები, სხვა დანარჩენები, უბრალოდ, არსებობენ.
ნახეთ, რა ხდება _ რაც გახსნილი იყო, ისიც იხურება. მაგალითად „ტექნობუმმა“ დახურა მაღაზია ლანჩხუთში. „ოცნების“ მმართველობა განწირულია, ამ 8 წლის განმავლობაში მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, ვინა არიან ესენი“, _ თქვა კახა ასკურავამ.