გურიაში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ “გუშინ დასრულდა სავარაუდო კონტაქტების ტესტირება მთლიანად, როგორც სოფელ ბახვში, ასევე ჩხაკაურაში. დღეს დასრულდება ტესტირება ზოტში. იქ სადაც საეჭვო კონტაქტები იყო, ყველგან მივლნენ ეპიდოლოგები და დაიტესტება ყველა. დღის ბოლომდე იქნება პასუხები იმ ტესტებზე, რომლებიც აიღეს გუშინ. ამ დროისთვის გურიაში 25 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ზურა ნასარაიამ.
გურიის გუბერნატორის ზურა ნასარაიას თქმით, გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში დაფიქსირდა კორონავიურისი, ასევე, ქვედა ბახვში იყო ორი შემთხვევა.
“ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის ცენტრებში და მიმდინარეობს მათი მკურნალობა“, _ გვითხრა ზურა ნასარაიამ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მოხდება მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიღება, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ მედიასთან ასეთი განცხადება გააკეთა: „კომენტარებს აღარ ვაკეთებ. ზემოდან არის ბრძანება“.
ამ კითხვაზე ზურაბ ნასარაიამ გვიპასუხა: „წესით და რიგით, ამ საკითხებზე სპეციალისტებმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. მაგრამ, თუ ესე არ ხდება, მაშინ დამიკავშირდით და გიპასუხებთ“, _ გვითხრა ნასარაიამ.