გურიის გუბერნატორი საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. აღინიშნა, რომ რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხიც. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფში შედიან სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის დირექტორები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურიის განყოფილებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.