საკურორტო სეზონი ძალას იკრებს გურიის ზღვისპირეთში. ურეკთან ახლოს, შეკვეთილში, კაპროვანად წოდებულ ტერიტორიაზე, ბოლო წლებში, ფიჭვნარზე მოდებული ეკალ-ბარდი მთლიანად გაწმინდეს, ხეები შეათეთრეს. ზღვისპირა ზოლი კიდევ უფრო გაფართოვდა და გალამაზდა. ახლა აქ, ადგილობრივი მცხოვრებლები (შეკვეთილში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს) სტუმრობენ ზღვას, თავიანთი პატარებით.
თუმცა, კაპროვანის პლიაჟთან ადგილობრივთა შინაური პირუტყვიც ისე ნებივრობს, თითქოს, საგანგებოდ მათთვის მომზადებული სადგომი იყოს.
_დასუფთავებული პლიაჟი პირუტყვსაც მოსწონს, აბა, რავა. ყოველდღე გვაფრთხილებენ ოზურგეთის მომსახურების ცენტრიდან, მაგრამ რა ვქნათ? პირუტყვია ჩვენი მარჩენალი. ეს სოფელია და გამოდიან აქ, მარილიან ქვიშას ლოკავენ, – ცოტა უცნაურ განმარტებას აკეთებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
ახლა აქ, ზღვაზე საბანაოდ და ქვიშაში აბაზანების მისაღებად, უფრო ადგილობრივებს ნახავთ. არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული დამსვენებლებიც. უმეტესად კი ბავშვები ჰყავთ ჩამოყვანილი.
მალე ამ გარემოში დენდროლოგიური პარკის გახსნას ელოდებიან და უმეტესად ყველა საუბარში ამ მოსალოდნელი სიურპრიზის შესახებ ისმის. ბევრი ჩანს როგორც გაკეთებული, ისე გასაკეთებელი საქმეც. ყოველ დილით, ადრე მუშაობს პლაჟის ( სილის ) ქვიშის საცრელი მანქანა. მდინარე ნატანების ხიდზე, არის ადგილები, სადაც ჯებირი ჩამოშლილია და ქვეითად მოსიარულისთვის საკმაო საფრთხის შემცველია.
_ჩვენი, ოზურგეთის მომსახურების ცენტრის ურეკი-შეკვეთილის დასუფთავების ჯგუფი დღესაც აქ არის. გარემოს ყველგან ვასუფთავებთ. პირუტყვის ღია პლიაჟზე გამოსვლის შემთხვევები არის, გეთანხმებით. არაერთგზის, ყოველდღიურად ვაფრთხილებთ ადგილობრივებს, თუმცა თავისას არ იშლიან. ამ სივრცეში კანონი ჯარიმასაც არ ითვალისწინებს,რადგან საკურორტო ზოლში არ შედის. როგორმე უნდა მოახერხონ აქაურებმა, რომ იმორიგეონ და ნახირი მომწყემსონ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ცვენ კი ვცდილობთ, გადავდენოთ აქაურობიდან, თუმცა, ყოველდღე ამ პირუტყვს თუ ვდიეთ, ჩვენს საქმეს ვეღარ გავაკეთებთ, – ამბობს ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორი თენგიზ ქუტიძე.