გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა.
_პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ.
მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ.
_ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა, არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _ გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე, რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე არავინ მიგვითითონო“.
„გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც დაინტერსებული გურული მეციტრუსეეები კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა შეუქცევადი გახდეს.